სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
03/01/2022 11:45:52 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მყოფი ოპოზიციისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები", - განაცხადა მშვენიერაძემ.
საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარლამენტში კი ოპოზიციიდან 66 დეპუტატია. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი იქნება "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას ბოიკოტის რეჟიმზე, რადგან სწორედ ამ ფრაქციას ჰყავს ყველაზე მეტი დეპუტატი ოპოზიციაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა რუსთავის მე-18 დაწესებულებაშია. მმართველი პარტიის განცხადებით, მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროცესი ციხეში დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე დასრულდა და მისი ყოფნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღარ იყო საჭირო.
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა. უფლებადამცველის თქმით, ამ მოთხოვნების 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი აპირებს, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას.


