კობახიძე – სააკაშვილის მოთხოვნაზე: "შეიძლება, არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი"
04/01/2022 10:50:31 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ იქნებოდა, რადგან მისი თქმით, ეს კომისია მხოლოდ იმას დაადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.
"სპონტანურად რომ გიპასუხოთ, მე პირადად შეიძლება, არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიციაა შეიძლება ეს [კომისიის შექმნა] არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არ არსებობას.ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ამბობს ირაკლი კობახიძე.
გუშინ, 3 იანვარს პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების დახმარებით ოპოზიციას მიმართა, რომ მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. სააკაშვილის თქმით, ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაც დააყენოს.
მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ მას სხვა პარტიების დახმარების გარეშე დამოუკიდებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა არ შეუძლია.


