Accentnews.ge
მელია: "კობახიძე დასავლელ მეგობრებს აშანტაჟებს"

მელია: "კობახიძე დასავლელ მეგობრებს აშანტაჟებს"

04/01/2022 13:11:25 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს.

მელიას თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობა სულ უფრო ყალიბდება "რუსული ტიპის ავტოკრატიად", სადაც მეგობრების წუხილს "შიდა საქმეებში ჩარევად", ზეწოლად და "სუვერენიტეტის შელახვად" აფასებენ.

"თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება - არის ადამიანური შეცდომების და არასწორი ინფორმაციის შედეგი. კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას - პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება! სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც", - წერს მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ–ის საელჩოს კრიტიკულ განცხადებას არასამართლიანი უწოდა:

"ძალიან ხშირად, ჩვენ ვიღებთ პარტნიორებისგან რჩევებს და ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს. არის, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან. და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ., თუმცა საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ეს არ არის გამართლება და ახსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.

რაც შეეხება შინაარს, აქ არის არაერთი უზუსტობა. მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი. არავითარი სამსახურის გაუქმება არ მომხდარა, მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა".

მანამდე აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. საელჩოში აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ ამასთან ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.

საელჩოში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება. მათთვის შემაშფოთებელია ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა.

"განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს", - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

გასულ კვირას ქართული ოცნების ინიციატივით პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონში შესატანი ორი ცვლილებათა პაკეტი.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ცვლილებათა პაკეტი ისე მომზადდა, რომ მის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ მოგვიანებით, მედიისგან გაიგო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის იდეას არ იზიარებდნენ არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც დიპლომატიური კორპუსი და ოპოზიცია.

გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონპროექტი მოსამართლეების დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით. მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით".

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S