Accentnews.ge
საჯარო მოხელეთა „შავი სიის“ შესაქმნელად იურისტთა ჯგუფის ჩამოყალიბებას განიხილავენ

საჯარო მოხელეთა „შავი სიის“ შესაქმნელად იურისტთა ჯგუფის ჩამოყალიბებას განიხილავენ

05/01/2022 12:16:01 პოლიტიკა

რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ენმ–ის წევრმა რომან გოცირიძემ ექს–პრეზიდენტის იდეების შესახებ ისაუბრა.

კერძოდ, მისი თქმით, სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა მოსამართლეების, ძალოვანი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ე.წ. შავი სიის შექმნა იყო.

როგორც გოცირიძე ამბობს, ე.წ. შავი სიის შესადგენად უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, ხოლო აღნიშნული სია საელჩოებს უნდა მიეწოდოს.

„ვისაუბრეთ არაერთ თემაზე, დაწყებული ქვეყნის ამ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიდან. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზეც იყო საუბარი. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას და რეპრესიებს. ეს სია უნდა გახდეს ცნობადი მთელი ქვეყნისთვის, იქნას მიმართული საელჩოებისთვის, რათა მათ შეეზღუდოთ ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფალი გადაადგილება. გარდა სავიზო შეზღუდვებისა, მათ დაუწესდეთ პერსონალური სანქციები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ სახელმწიფოსა და სასამართლოს სახელით ხალხზე და პოლიტიკოსებზე, ფაქტობრივად თბილად არიან მოკალათებულნი და აგროვებენ სიმდიდრეებს. უამრავი სიუჟეტი ვნახეთ მათი ცხოვრების შესახებ და თავს გრძნობენ დაუსჯელად. უნდა იყოს სანქციები ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის თუ პოლიციელის მიმართ, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში და უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში. უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის, მით უმეტეს, ზედაპირზე არის ბევრი საკითხი. შემდეგ ეს სია უნდა გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. ისინი ქვეყანაში თავს არ უნდა გრძნობდნენ არხეინად და არ უნდა დადიოდნენ ევროპაში თუ ამერიკაში, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არის მთავარი პრინციპი. ისინი მათი ქმედებით ქვეყანაში დემოკრატიას უთხრიან ძირს და უქმნიან საფრთხეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S