Accentnews.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მათ შორის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მათ შორის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს

05/01/2022 15:49:37 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა მათ შორის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი ვაშინგტონის ინიციატივით განხორციელდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, "საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით".

„დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია. საუბრისას, ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, ქართველი და ამერიკელი დიპლომატების საუბრის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

უწყების ცნობით, "შერმანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში":

"აშშ გააგრძელებს მოუწოდოს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციაზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ერების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ასევე იმის აუცილებლობას, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მათ ასევე განიხილეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S