სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა სააკაშვილი ციხეში გამოკითხა
05/01/2022 17:27:58 პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხა.
როგორც გამომძიებელი ამბობს, გამოძიების პროცესზე გავლენა არ მოუხდენია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას:
„გამოძიება მიმდინარეობს კომპლექსურად. თავიდანვე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გამოკითხვები“.
მისი ინფორმაცით, მიმდინარე საქმეზე გამოკითხული არიან არა მარტო ექიმები, არამედ სულ 150-მდე პირი. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების საქმეს, მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს.
ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, შეკითხვები ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იძულების ღონისძიების რამდენჯერმე გამოყენების ფაქტს. „მივაწოდეთ ამომწურავი და სრული ინფორმაცია, რაც შეგვეძლო ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ამ საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს და რაღაც შედეგი ექნება“, - თქვა თუთბერიძემ.
გამომძიებელი და ადვოკატი გამოკითხვის შინაარსის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ.


