" ყაზახეთში საქართველოს საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს"
05/01/2022 20:11:00 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს.
უწყების ინფორმაციით, ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია "ცხელი ხაზი" და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა.
მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტმა მუშაობა აღადგინა.
მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.


