ყაზახეთი, რომელიც 12 ძალოვანისა და ათობით დემონსტრანტის დაღუპვის თაობაზე იუწყება, რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის დახმარების მოლოდინშია

06-01-2022 13:05:42 მსოფლიო

გუშინდელი სისხლიანი შეტაკების შემდეგ ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის ჯარისკაცები ყაზახეთისკენ მიემართებიან, რათა პროტესტი ჩაახშონ.

"ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით გუშინ მიმართა. ორგანიზაციის სამშვიდობოები დაიცავენ სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებს ყაზახეთში, ასევე დახმარებას გაუწევენ ადგილობრივ სამართალდამცველებს ვითარების სტაბილიზაციასა და კანონიერ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის", – ნათქვამია "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაზახური მედიის ცნობით, 5 იანვარს მომიტინგეები შეიჭრნენ ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათის აეროპორტში და სამთავრობო შენობებში, ასევე დაწვეს ქალაქის მთავარი ადმინისტრაციის ოფისი.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მომიტინგეებთან შეტაკებისას პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 12 თანამშრომელი დაიღუპა, დაშავებულია ძალოვანი უწყების 353 თანამშრომელი. რაც შეეხება მომიტინგეებს, რამდენი დემონსტრანტია დაღუპული ან დაშავებული ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ალმათის პოლიციაში ადასტურებენ, რომ სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამჟამად სმხვერპლთა ინდენტიფიცირება მიმდინარეობს.

როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნული პირები პოლიციის დეპარტამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 200-ზე მეტი დემონსტრანტი.

ალმათიში ანტიტერორისტული ოპერაცია წუხელ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. დღეს დილით ქალაქის მერიასთან სროლის ხმა ისმოდა.

უცხოური გამოცემების კორესპონდენტები, რომლებთანაც დაკავშირება რედაქციებს ძალიან გაურთულდათ, შეზღუდულია რა საკომუნიკაციო არხები (როგორც ინტერნეტი, ისე სატელეფონო კავშირი), ყვებიან, რომ ქუჩები სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ხალხისგან დაცლილია, თუმცა სროლის ხმა კვლავ ისმის. „გაუკაცრიელებულ დასახლებას ჰგავს ალმატი“,– ამბობს ერთ–ერთი უცხოელი ჟურნალისტი.

ნურ-სულთანში კი ვითარება შედარებით მშვიდია. სახელმწიფო დაწესებულებები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროტესტი კვლავ გაგრძელდება.

"ყაზახეთში პროტესტი მაღალი ალბათობით, კიდევ დიდხანს გაგრძელდება" – განუცხადა გერმანულ ტელეკომპანიას Tagesschau მკვლევარმა ერიკა მარატმა, რომელიც ცენტრალურ აზიაში ძალადობისა და უსაფრთხოების საკითხებს სწავლობს.

მისი მტკიცებით, პროტესტი მშვიდობიანად დაიწყო, დემონსტრანტები თავს არავის ესხმოდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ესკალაციის პროვოცირება მოახდინა:

„სამწუხაროდ, ჩვენ ამას ისევ და ისევ ვუყურებთ პოსტ საბჭოთა სივრცეში და მსოფლიოს სხვა წერტილებში: ავტორიტარები ფიქრობენ, შესწევთ ძალა, ცრემლსადენი გაზით და ძალოვანების რაოდენობით დააშინებენ დემოსნტრანტებს. სინამდვილეში კი კონფლიქტოლოგებმა იციან, რომ მსგავს ვითარებაში ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება მხოლოდ ესკალაციას იწვევს და დემონსტრანტთა რაოდენობაც იზრდება. სწორედ იგივე მოხდა ყაზახეთში. შედეგად, ვითარება კონტროლიდან გამოვიდადა ხალხმა ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“.

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები