"ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების"
07/01/2022 17:04:34 პოლიტიკა
"ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების", – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც განხილვის მთავარი საგანი უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოველენები იყო.
მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით.
"უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის. ალიანსისა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გარკვეული პროცესის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპას დემოკრატიის დაცვაში. ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით და მე მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაშვება, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ ნატო-ს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


