რას უნდა ველოდოთ რუსეთ-დასავლეთის შეხვედრებიდან - ეკა აკობიას ანალიზი

10-01-2022 12:47:47 კომენტარი

10 იანვრიდან შვეიცარიაში რუსეთის, აშშ-ის და NATO-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი რანგის პირების შეხვედრები დაიწყება და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობაა.

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია მოლოდინებს აფასებს:

"ისტორია, ისტორიის სწორი ინტერპრეტაცია, დიდი სურათის დანახვის უნარი და ცალკეული განცხადებების კონტექსუალურად დანახვა არის ის, რაც ასე ძლიერ აკლია პატარა ქართული სახელმწიფოს საზოგადოებრივ ნარატივებს, განცდებს და აქცენტებს. ამ აზრობრივი და ინტელექტუალური სიღარიბის მთავარი კონტრიბუტორი არის ხელისუფლება. მას ევალება, განუმარტოს საზოგადოებას, რა ხდება საერთაშორისო არენაზე, რა კუთხით არის ეს მოვლენები ჩვენთვის საყურადღებო, მათი ღონისძიებები როგორია და რას აკეთებენ იმისთვის, რომ უკეთესად ვპოზიციონირდეთ ტურბულენტურ, დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ამ ახალ ეპოქაში.

ხელისუფლება კი ჟურნალისტებს ემალება, ბოიკოტს უცხადებს ყველა ტელევიზიას, გარდა სამთავრობო, მიკერძოებული ტელევიზიებისა და გაურბის (პირდაპირი მნიშვნელობით!) საზოგადოების კრიტიკულ კითხვებს. ეს არის სირცხვილი. წერტილი.

შევეცდები, ცოტათი მაინც შევავსო ეს ნარატიული ვაკუუმი. რახან ისტორია ვახსენე (აუცილებელი იყო), ცოტა შორიდან დავიწყებ:

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდანვე, საბჭოთა კავშირის (სტალინი) უმთავრესი საზრუნავი იყო ისეთი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც უშვებდა:

1. საბჭოთა კავშირი/რუსეთისთვის ბუფერული ზონების (დღეს გავლენის სფეროებს რომ ვუწოდებთ) არსებობას; და

2. ისეთი სტრუქტურის არშექმნას, რომელშიც მას არ ექნებოდა სხვა დიდ ძალებთან თანასწორი ხმა. როცა 1949 წელს ნატო შეიქმნა, მეორე, უკვე მუდმივი მცდელობა, ნატოს ნიველირების ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, სხვა ზემდგომი ინსტიტუტის შექმნა, რომელშიც რუსეთსაც ექნებოდა თანასწორი ადგილი და ხმა.

1990 წელს შეიცვალა რუსული იდეოლოგია (უკუაგდეს კომუნიზმი), მაგრამ არ შეცვლილა, იგივე დარჩა რუსეთის აღქმული (შეცდომით, დღემდე) ეროვნული ინტერესი (იხ. ზემოთ ჩამოთვლილი 2 პუნქტი).

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სერგეი რიაბკოვის ხელშეკრულების სამუშაო ვერსია სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა (ისტორიულად რიგით მე-6), რასაც რუსეთი ჯერჯერობით უშედეგოდ აწვება ევროპულ პოლიტიკაში. ეს ინიციატივები გახლდათ:

1. საბჭოთა ინიციატივები (სტალინი, ბერია, ხრუშჩოვი) ორი გერმანიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით საყოველთაო ევროპული ხელშეკრულება ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების შექმნის ინიციატივის სანაცვლოდ (1952-1955);

2. საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის კამპანია ევროპის უსაფრთხოების კონფერენციისთვის (1966-1973);

3. გორბაჩოვის „საერთო ევროპული სახლის“ ინიციატივა (1985-1990);

4. იელცინ-კოზირევის ინიციატივა პან-ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაზე (1993-2002);

5. მედვედევის ინიციატივა - ხელშეკრულება ევროპის უსაფრთხოების შესახებ (2008-2011).

6. პუტინის ინიციატივა (2020) - ნატოს გაფართოების შეზღუდვა და ნატოს/მოკავშირეების სამხედრო მოქმედების შეზღუდვა არა მარტო მის საზღვრებს გარეთ, არამედ მოკავშირების ტერიტორიაზეც (ანუ, პუტინის მიერ INF რეჟიმის აღდგენის თავხედური და ცალმხრივად სასარგებლო გეგმა).

თითოული ამ ინიციატივის მიმართ დასავლეთი ყოველთვის პასუხობდა საბჭოთა რუსეთს, ანუ, შედიოდა მასთან დიალოგში. არ აძლევდა საბაბს პროვოკაციებისა. ზუსტად ამ ინიციატივების კონტექსტში და პარალელურად:

1. იქმნებოდა რეჟიმები განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში (INF, START, CFE, Open Skies, სხვადასხვა CSBM-ები).

2. ფორმდებოდა შეთანხმებები: ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975); 1990 წლის პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის; ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი (1997) და ნატო რუსეთის ურთიერთობები, ახალი ხარისხი - ნატო-რუსეთის საბჭო (2002); კორფუს პროცესი ეუთოს ქოლგის ქვეშ (2009).

მიუხედავად ამ შედეგებისა, არც ერთი რეჟიმი, რაც რუსეთთან შეთანხმდა და არც ერთი ხელშეკრულება, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს, არ ამბობდა უარს:

- სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე,

- ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე (ნატო 10-ჯერ გაფართოვდა, აქედან 5-ჯერ - ცივი ომის დასრულების შემდგომ).

- „მიუნხენის ღალატი“ არ განმეორებულა, თუმცა, დაყვავების პოლიტიკის სხვადასხვა გამოვლინებები ყოფილა და ალბათ კვლავაც იქნება სახეზე (ეს რატომ ხდება, ამას ცალკე ვრცელი ახსნა სჭირდება და აქ ჩავხურავ, ჯერჯერობით).

ამ დროის განმავლობაში ყოფილან თუ არა ამერიკის და ევროპის დედაქალაქებში პიროვნებები, რომლებიც მთავრობის შიგნით რუსეთთან მიმართებით სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ? რა თქმა უნდა კი, არაერთხელ. მაგალითად, ჯორჯ კენანი ნატოს გაფართოებას ფატალურ შეცდომად აფასებდა;

ასევე, ნახეთ რონალდ ასმუსის წიგნი „NATO’s Open Door“. დეტალურად აღწერს როგორ იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტში fast trackers და Russia 1st პოლიტიკის მომხრეები 90-2000-ნი წლებში.

დღესაც არიან აშშ-ის ხელისუფლებაში საჯარო პირები, რომლებიც ელჩობის დროს ტელეგრამებს აგზავნიდნენ შინ, რომ რუსეთისთვის წითელი ხაზია უკრაინა და ა. შ. მერე რა? ასეა. არ მიეწერათ დედაქალაქისთვის, რაც ესმოდათ და ხედავდნენ? ყველა ეს ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და აზრთა სხვადასხვადასხვაობა, საბოლოოდ, ქმნიდა პრინციპებზე და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ, ინსტიტუციურ (და არა ცალკეული პიროვნებების იდეებზე დაფუძნებულ) ევროატლანტიკურ პოლიტიკას. შექმნეს ნატოსთან ასპირანტების ურთიერთობების არაერთი ფორმატი და მას მერე 5-ჯერ გააფართოვეს ალიანსი.

დღეს საღამოს, ჟენევაში, ხვალაც და შემდგომ დღეებშიც, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ამ პუტინის ბანდიტურ draft-ს გადაიტანენ დიალოგის სხვადასხვა ფორმატებში და რუსეთს დაელაპარაკებიან იმ თემებზე, რაც მართლა რეალურად დგას ევროპის უსაფრთხოების დღისწესრიგში: START განახლება, INF-ის განახლება, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე აღებული ვალდებულებების შესრულება რუსეთის მიერ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში.

აქ მთავარი რა არის? დასავლეთის მხრიდან დამაჯერებლობა. სისწრაფე. რიტორიკაზე მიყოლებული მკაცრი შემაკავებელი (deterrant) ბერკეტების შემოღება.

არის თუ არა ვითარება საშიში? კი. პუტინია საშიში. მალე გამოჩნდება, უბრალოდ საშიშია თუ თან არარაციონალურიც. არარაციონალური იქნება უკრაინაზე სახელმწიფოებრივად გაწევა. თუ ამას იზამს, მოჰყვება პასუხი (იხ. ნატოს გენ. მდივნის ბოლო განცხადება) და ეს იქნება ფატალური ეპიზოდი ევროპის ისტორიაში. თუმცა, არარაციონალური ლიდერი მაინც შედარებით იშვიათი მოვლენაა ისტორიაში და იმედია, აქამდე არ დაეშვება ეს ცუდი ლიდერი. აქამდე რომ არ დაეშვას, საჭიროა ეფექტური შეკავების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან.

საქართველოსა და უკრაინისთვის რა არის მთავარი? შიდა რეფორმები (!!!). მათ შორის ჩვენი მთავრობის (პირველ რიგში!), ექსპერტების და საზ. აქტივისტების საზრუნავი და სადარდებელი ეს უნდა იყოს დიდი პროპორციით და არა ცალკეულ გამონათქვამებზე აკიდება და 1-კვირიანი ნიუს ფრენზის ატეხვა.

ვიშვიში უნდა ავტეხოთ სასამართლო სისტემაზე, მედიის თავისუფლებაზე, სამოქალაქო თავისუფლებებზე. ამის გარეშე, დასავლეთს ძალიან ვურთულებთ საქმეს, მიგვიღონ და მიღებამდე დაიცვან ჩვენი უფლება, გავხდეთ იმ ინსტიტუტების წევრები, რომლებიც დგანან დემოკრატიულ ფასეულობებზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები