"არავინ მიდის პარტიიდან, არავინ ტოვებს თანამდებობას" – ენმ პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს
10/01/2022 09:49:56 პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო დღეს 10 იანვარს, 15:00 საათზე სხდომას გამართავს. ეს 2022 წლის პირველი პარტიული შეკრება იქნება, რომელზეც სამომავლო გეგმებსა და შესაძლოა, პარტიის სტრუქტურის ცვლილებაბზე იმსჯელებენ.
ემნ-ის წევრები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მთავარი მიზანი არსებული მდგომარეობისა და მმართველობის ცვლილებაა.
“ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურია იმ მიმართულებით, რომ იყოს პოლიტიკური პარტიების ერთიანი ძალისხმევა, ერთიანი მიდგომა და ერთიანი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯები რიგ შემთხვევებში იმისათვის, რომ ცვლილებებს მივაღწიოთ. განსაკუთრებულად იზრდება საპროტესტო განწყობა ქართული ოცნების წინააღმდეგ. იმან, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავისუფლება დათმო ქვეყნის თავისუფლებისთვის, უკეთ მოახდინა ლუსტრაცია, რომ საქართველოში სინამდვილეში არის ავტოკრატიული რეჟიმი.
ჩვენ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ მეტი ორგანიზება, მეტი თანმიმდევრული ნაბიჯები, იმისათვის, რომ ცვლილებები მოვახდინოთ, რათა ქვეყანას გაუჩნდეს წინსვლის და განვითარების შანსი" - განაცხადა აკო მინაშვილმა.
მანვე ისაუბრა პარტიაში შესაძლო ცვლილებებზე და თქვა, რომ პარტიის დატოვებას არავინ აპირებს, თუმცა არ გამორიცხა შიდა ცვლილებები:
"მინდა, საზოგადოების იმ წევრებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც გუშინ ავრცელებდნენ, რომ თითქოს, ვინმე მიდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ - არა, არავინ მიდის „ნაციონალური მოძრაობიდან”, არავინ ტოვებს რაიმე სახის თანამდებობას, არავის უკან გადაწევა და გადანაცვლება არ ხდება. რაც შეეხება პარტიის გადაწყობას, ამას პოლიტსაბჭოს შემდეგ გაიგებთ”.
პოლიტიკური საბჭოს დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. მანაც არ გამორიცხა შიდაპარტიული ცვლიბები და ისაუბრა იმაზე, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა:
“გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამ უბედურებაზე, რაშიც ვართ, ასევე მნიშვნელოვანია შევთავაზოთ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები, ანუ გამოსავალი. რას მიიღებენ მოქალაქეები მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქის მმართველობა დასრულდება. არ დაგვავიწყედეს, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, 10 მილიარდი ინვესტორი, რომელსაც საქართველოში შეუძლია 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, გამოკეტილი ჰყავთ ციხეში. არადა, უკრაინაში ამ მიმართულებით კარგად იყენებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. კარგად უნდა გაიაზროს ჩვენმა მოქალაქემ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი ინვესტიციის დაპატიმრებას, ანუ 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის დაპატიმრებას და მძევლად აყვანას”.
პოლიტიკური საბჭოს დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ნახვას შეეცდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრის ერთ-ერთი თემა პარტიის სამოქმედო გეგმებიც იქნება.


