"ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის წინ ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს პარტნიორებთან, მათ შორის – საქართველოსთან"
10/01/2022 11:48:59 პოლიტიკა
"ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის წინ ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს პარტნიორებთან, მათ შორის – საქართველოსთან", – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"პოზიტიური სიგნალია, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის თაობაზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებებს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული ნებისმიერი დიალოგის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი შეშფოთებებიც რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ყველა შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის პრობლემები მოგვარდება, თუმცა იმედოვნებს, რომ "წინსვლის გზაზე" შეთანხმებას მიაღწევენ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება.


