"ვისურვებდით, ბუქარესტის ფორმულირება შეიცვალოს ფრაზით "უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ნატო–ს წევრები"
10/01/2022 19:16:34 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვი მიესალმებოდა ბუქარესტის სამიტის ფორმულირების შეცვლას პირობით, რომ უკრაინა და საქართველო ნატო–ში არასოდეს გაწევრიანდებიან. ამის შესახებ მან ჟენევაში რუსეთ–აშშ–ს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ მივესალმებოდით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალურ შეცვლას ფრაზით, რომ უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ნატო–ს წევრები. ვისურვებდით, გაგვეგო მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ალიანსის წევრები. ეს სასიკეთო ცვლილება იქნებოდა ნატო–ს პოზიციაში", – განაცხადა მან.
მისი თქმით, "რუსეთი მყარ პირობებს ითხოვს და შექმნილ სახიფათო ვითარებაში, ეს ფუნდამენტური საკითხი მყისიერად უნდა იქნეს გადაჭრილი".
"ჩვენ მოგვბეზრდა უპასუხისმგებლო საუბრები, სანახევრო დაპირებები, მოლაპარაკების სხვადასხვა ფორმატში, დახურულ კარს მიღმა ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობით. გვჭირდება მტკიცე, წყალგაუმტარი, ტყვიაგაუმტარი, სავალდებულო გარანტიები. რუსეთისთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა რიაბკოვმა.
ამავე თემაზე: რა შედეგით დასრულდა აშშ–რუსეთის 8–საათიანი მოლაპარაკებები.


