ნულანდი: "ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც სტანდარტს დააკმაყოფილებს"
12/01/2022 06:14:33 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატო-ს მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია.
როგორც ნულანდმა აღნიშნა, ნატო-ს ძირითადი პრინციპი ღია კარის პოლიტიკაა და არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისთვის ბევრს მუშაობენ, მაგალითად - საქართველო და უკრაინა.
"ღია კარი ნატოს ძირითადი პრინციპია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 1949 წლის დამფუძნებელი ქარტიის მიხედვით, ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს ნატო-ს მაღალი სტანდარტები. არსებობს რიგი ქვეყნები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ ალიანსს, ასევე რამდენიმე, რომლებსაც სურთ გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ ნატო-სთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, მათ შორისაა საქართველო და უკრაინა", - აღნიშნა ნულანდმა
დღეს, 12 იანვარს, ბრიუსელში რუსეთისა და ნატოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას განიხილავენ.
10 იანვარს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრები დაიწყო. მოლაპარაკებების თემა უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარებია - რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეჭრით იმუქრება და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, უკან წაიღონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.


