სააკაშვილი: "ხვალ მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს"
12/01/2022 10:57:18 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება 13 იანვარს ჩანიშნულ სასამართლოს სხდომას და გამოვა სიტყვით.
„ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს“, - წერია მის ოფიციალურ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტში.
ამავე პოსტში, სააკაშვილი აფასებს სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის გაუქმებას. ინსპექტორის ოფისი იუსტიციის სამინისტროსგან ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების წაშლას მოითხოვდა.
„მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო - ასეა ზუსტად ამ „მთავრობის“ და მისი სასამართლოს საქმე“, - აცხადებს სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტი, ასევე, ეხმიანება „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, თუმცა 7-წლიანი პატიმრობის მოხდისგან გაათავისუფლა.
„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი“, - წერია პოსტში.
13 იანვარს სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით.


