გახარიას თანაგუნდელი თავდასხმაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს
12/01/2022 11:43:01 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელი მალხაზ თორია მასზე და მის არასრულწლოვან შვილზე 30 დეკემბერს განხორციელებულ თავდასხმაში მმართველ გუნდს, “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, დღეს გამოძიებას მომხდარზე პასუხები ექნებოდა.
მალხაზ თორიამ განცხადება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დღეს გააკეთა.
როგორც პარტია “საქართველოსთვის” წევრი აცხადებს, თავდასხმის ადგილიდან შესაძლებელი იყო სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრების ამოღებაც და დამნაშავე პირების დაკავება:
“გამოსაძიებელი არაფერი არ არის ამ საქმეში. კამერებიდან იყო ამოსაღები ინფორმაცია. ამის გაკეთება, მე გამოცდილება მაქვს საკმარისი და ვიცი, რომ შესაძლებელი იყო 40 წუთში. 40 წუთი იყო საჭირო, რომ დადგენილიყო და დადასტურებულიყო ის ინფორმაცია, რაც მიწოდებული იქნა ფაქტობრივად დაზარალებულების მხრიდან საგამოძიებო ორგანოებისთვის. აქედან გამომდინარე იკვეთება ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ხელისუფლებაში მყოფი შესაძლო დანაყოფები. შეუძლებელია დღევანდელ ვითარებაში, 21-ე საუკუნეში ორი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი თავისუფლად ესხმოდეს არასრულწლოვან ბავშვს. მითუმეტეს, მორალურად ამორალური ქმედება თითოეული ჩვენგანისთვის…
მე თავისუფლად დავდივარ, დავდიოდი და თავისუფლად ვივლი. ვინმეს თუ რამე, თავისი მოსაზრების გამო ან ჩემი პოლიტიკური არჩევანის გამო რამის გარკვევა უნდოდა… ის, ვინც დაგეგმა და განახორციელა იმ ხალხთან, მე თავისუფლად შემეძლო დავლაპარაკებოდი ნებისმიერ თემაზე. ბრალს იმიტომ ვდებთ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი თავისუფლების დაცვა”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
მას სხდომაზევე გამოეხმაურნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები.
ჯონი ჯიქიამ, მალხაზ თორიას შეახსენა, რომ ის ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზუგდიდის განყოფილების უფროსი იყო, ასევე ეკავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაც, ამიტომ მომხდარში “ქართული ოცნების” დადანაშაულება უსამართლობაა.
"თქვენ ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" მოგცათ და ასპარეზზე გამოგიყვანათ. ის დივიდენდები რაც გაგაჩნიათ "ქართულმა ოცნებამ" მოგცათ",- უთხრა მალხაზ თორიას ჯონი ჯიქიამ და თქვა ისიც, რომ მომხდარს გმობს.
პარტიამ “საქართველოსთვის” 31 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მათ რეგიონულ ხელმძღვანელს და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ.


