ანრი ოხანაშვილი:"თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში"
12/01/2022 15:09:16 პოლიტიკა
საინტერესოა, 17 მილიონი რამდენი ჩვენი მოქალაქისთვის აქვთ ჯერ სამომხმარებლო მიზნებისთვის მიცემული და შემდეგ ჩამოწერილ/ნაპატიები ხაზარაძე-ჯაფარიძეს?!! - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, „დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა ბანკიდან სესხის გაცემისა და ჩამოწერის უკანონო სქემა შეიმუშავეს და თაღლითურად დაეუფლნენ 17 მილიონ აშშ დოლარს".
"მაშინ როდესაც ეს ადამიანები და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მსჯავრდებულთა ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია, საინტერესოა, როგორ და რატომ მოხდა, რომ სესხის მიმღებმა კომპანიებმა აღებული თანხა მალევე ხაზარიძე-ჯაფარიძის ანგარიშებზე გადარიცხეს, სესხი კი რამდენიმე თვეში ჩამოეწერათ - “ეპატიათ”. სხვათაშორის, საინტერესოა, 17 მილიონი რამდენი ჩვენი მოქალაქისთვის აქვთ ჯერ სამომხმარებლო მიზნებისთვის მიცემული და შემდეგ ჩამოწერილ/ნაპატიები ხაზარაძე-ჯაფარიძეს?!! როდესაც ამ საქმის პოლიტიზებაზეა საუბარი, ამ საქმეში თუკი ვინმემ შეიტანა პოლიტიკა, ესენი არიან სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათთან ალიანსში ნაც. მოძრაობა. ამ პირებს ხალხზე ზრუნვა 2019 წლის ივლისში - გამოძიების დაწყების შემდეგ - გაახსენდათ, რათა პოლიტიკისთვის შეეფარებინათ თავი და თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ. საბოლოოდ, თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში, ერთ მხარეს არის ბიუჯეტის ფულის მისაკუთრებაში მხილებული გიგი უგულავა და მეორე მხარეს ბანკის ფულის თაღლითურად დაუფლებაში მხილებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი“- წერს ანრი ოხანაშვილი Facebook-ის გვერდზე.
ცნობისთვის: მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ავთანდილ წერეთელს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადაუკვალიფიცირა, განუსაზღვრა 7–7 წლიანი პატიმრობა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, სასჯელისგან გაათავისუფლა.
პროკურორი ირწმუნება, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარს ყველა მტკიცებულება გაიზიარა და "უბრალოდ მუხლი გადააკვალიფიცირა", მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაში თაღლითობაზეა საუბარი და არა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, რასაც ბრალდება ედავებოდა ბრალდებულებს.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებათ.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.


