„45 წელია, ამ პროფესიაში ვარ  და არ მინახავს, კრემლს ამაზე დიდი იდიოტიზმი გაეკეთებინოს“

13-01-2022 15:21:20 პოლიტიკა

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამად დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ მომზადებული ორი დოკუმენტი ზავის პირობების შთაბეჭდილებას ტოვებს, რაზეც ღირსეული პასუხი მიიღეს.

„რუსეთის ის ორი დოკუმენტი, რომელიც კრემლმა თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით გაუგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, გეგონება, ომში გამარჯვებული დამარცხებულს სთხოვს, ზავის პირობებს დათანხმდეს. 63 წლის ვარ, ამ პროფესიაში ვარ 45 წელია და არ მინახავს, კრემლს ამაზე დიდი სისულელე და იდიოტიზმი გაეკეთებინოს. ამაზე ღირსეული პასუხი მიიღეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი დაკვირვებით, საქართველოსთვის ახლა „შესაძლებლობის ფანჯარა“ არსებობს, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ატმოსფერო, რელიეფი, ყოველგვარ იმედს გვიწურავს, მისით სარგებლობა შევძლოთ:

„ყველაზე ცუდი, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრუშკოს განცხადება, სადაც მან ის კი არ მოითხოვა, რომ ნატო-ში არ მიიღოთ საქართველო და უკრაინა, არამედ, „აღიარეთ ჩვენი მშვიდობისმყოფელების როლი პოსტსაბჭოთა სივრცეზეო“. ამაზეც საკადრის პასუხს მიიღებენ, მაგრამ მოკავშირეებს, რომლებიც გვეხმარებიან და ამბობენ, რომ „საქართველოს სუვერენულ ნებას ვერავინ შეზღუდავს“, ცოტა ჩვენც უნდა მივეხმაროთ. 2018 წლიდან ვამბობ, რომ „იქნება შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ ისევ მოუმზადებელი დავხვდებით“. ახლა არის, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ, რადგან იმ მდგომარეობაში, რაშიც არის საქართველოს პოლიტიკური ატმოსფერო, რელიეფი, ყოველგვარ იმედს გვიწურავს იმაზე, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით სარგებლობა შევძლოთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები