ტყუილია ინფორმაცია, თითქოს “ცივი ომის” შემდეგ NATO რუსეთს არგაფართოებას დაჰპირდა

13-01-2022 17:56:37 პოლიტიკა ,მითები და რეალობა

NATO–რუსეთის ურთიერთობების უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დასვლისა და ვლადიმირ პუტინის მიერ დასვლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმების ფონზე, კრემლის პროპაგანდა ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს დასავლეთმა დაარღვია წარსულში რუსეთისთვის მიცემული პირობა, აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე.

ტყუილია ინფორმაცია, თითქოს “ცივი ომის” შემდეგ NATO რუსეთს არგაფართოებას დაჰპირდა.

ფაქტი კი შემდეგია: NATO-ს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებენ და ეს გადაწყვეტილებები წერილობითი სახით დასტურდება. არავითარი წერილობითი მტკიცებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისა არ არსებობს. ხოლო ცალკეული ხელმძღვანელების შესაძლო პირადი დაპირებები ალიანსის კონსენსუსს ვერ ანაცვლებს და ნატო-ს ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს.

როგორც ალიანსში აცხადებენ, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა ემყარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სადამფუძნებლო დოკუმენტის – ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების (1949 წ.) მე-10 მუხლს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ NATO-ს წევრობა ღიაა “ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც ძალუძს, განავითაროს ამ შეთანხმების პრინციპები და პირადი წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში”.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაფართოების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს “საერთო თანხმობით».

NATO-ს არასოდეს გააუქმებია ხსენებული შეთანხმების მე-10 მუხლი და არასოდეს შეუზღუდავს გაფართოების პოტენციალი. ბოლო 72 წლის განმავლობაში საკუთარი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, NATO-სთან მიერთების სასარგებლოდ თავისუფალი არჩევანი 30-მა ქვეყანამ გააკეთა. ეს მათი სუვერენული არჩევანია. მეტიც, იმ დროს, როდესაც ვითომდა გაცემულ იქნა ზემოთხსენებული დაპირება არგაფართოების თაობაზე, ჯერ კიდევ არსებობდა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია და მისმა წევრებმა ორგანიზაციის დაშლაზე თანხმობა მხოლოდ 1991 წელს განაცხადეს.

NATO-სთან მათი მიერთების იდეა კი 1989 წელს დღის წესრიგში არ იდგა. ეს თავად მიხეილ გორბაჩოვმაც დაადასტურა «Россия поверх заголовков»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში:

«NATO-ს გაფართოების” საკითხი იმ წლებში საერთოდ არ განხილულა და არც არსებობდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. იგი არც ერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას არ დაუყენებია, მათ შორის – არც 1991 წელს ვარშავის შეთანხმების არსებობის შეწყვეტის შემდეგ. ეს საკითხი არც დასავლელ ხელმძღვანელებს დაუყენებიათ».

როგორც ალიანსში აცხადებენ, თეთრი სახლის გასაიდუმლოებული სტენოგრამები ასევე მოწმობს, რომ 1997 წელს ბილ ქლინთონი თანმიმდევრულად უარყოფდა ბორის ელცინის შეთავაზებას, დაედოთ “ჯენტლმენური შეთანხმება” იმის შესახებ, რომ ნატო-ში არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ შევიდოდა: «ნატო-ს სახელით პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და არ ვაპირებ, თავად დავადო ნატო-ს გაფართოებას ვეტო არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში, მით უფრო ამის უფლება მოგცეთ თქვენ ან ნებისმიერ სხვას... ნატო კონსენსუსის საფუძველზე მოქმედებს».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები