
რუსეთმა 3+3 ფორმატის კონტექსტში საქართველოსთან კომუნიკაციისთვის თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მიმართა
14/01/2022 12:36:21 საგარეო პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რეგიონული თანამშრომლობის "3+3" ფორმატს.
„მისი განხილვის პირველი დღეებიდანვე და მოსკოვში გამართული შეხვედრის მზადების დროს მე მხარს ვუჭერდი იმას, რომ ჩვენი ქართველი მეზობლები ასევე ყოფილიყვნენ ჩართულნი ამ პროცესში იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ურთიერთობისთვის, ალბათ, მით უკეთ შეიძლება დარჩენილი პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა 14 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლავროვმა.
მან გაიხსენა, რომ ამჟამად რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ერთმანეთს “ამიერკავკასიის პრობლემების გარშემო შექმნილი ჟენევის დისკუსიების ჩარჩოებში“ ეკონტაქტებიან, ასევე მოსკოვსა და თბილისს შორის "კარგახნის წინ ამოქმედებული არაოფიციალური ორმხრივი არხის" საშუალებით (აბაშიძე-კარასინის ფორმატი). ლავროვის აზრით, "პროცესი, რომელიც 3+3-ის ფორმატში დაიწყო, უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივა განიხილება".
ამასთან, მისივე მტკიცებით, "ამ ფორმატთან მიერთება არ დაავალდებულებს საქართველოს არაფერში, რაც მის პოლიტიკურ პოზიციებს შეეხება“.
„შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლები შესაძლებლობა აქვს, საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატის უპირატესობა აუხსნას:
„ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი მათთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით“.
რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელსაც ბევრი ექსპერტი რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობად განიხილავს, გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის ლიდერებმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს შედგა. მასზე საქარველო არ იყო წარმოდგენილი, თუმცა გამოფინეს საქართველოს დროშა, რასაც ოფიციალურმა თბილისმა მიუღებელი უწოდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ფორმატთან მიმართებაში.
კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.
იხილეთ ასევე: „3+3“–ის ნაცვლად „3+2“: პროვოკაციები პირველივე შეხვედრაზე, რა იქნება შემდეგ?
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021