Accentnews.ge
მარგველაშვილი – რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავარ იარაღზე  (ვიდეო)

მარგველაშვილი – რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავარ იარაღზე (ვიდეო)

17/05/2019 17:15:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი ტაბლიაშვილის „ავტოსტუდიაში“ მიმოიხილა ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის რუსეთის ჰიბრიდული ომის ფარგლებში ქვეყანაში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივები მიმოიხილა და ამ კონტექსტში ნეიტრალიტეტის საკითხსაც შეეხო. გარდა ამისა, მარგველაშვილი შეეხო 9 მაისის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რამდენიმე ჯგუფმა, რომლებიც საზოგადოების ნაწილისთვის რუსული ნარატივის გამტარებად აღიქმებიან, მსვლელობები გამართეს. მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ისე, როგორც დაწესდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მართებული არ არის. მარგველაშვილი საფრთხეს შეზღუდვებში უფრო ხედავს, ვიდრე საკითხის განხილვაში:  

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ოკუპირებულები ვართ და გვაქვს ჩვენი სიმართლე, რაღაც თემების შეზღუდვა მართებული არ მგონია. საშიში შეზღუდვა უფროა, ვიდრე ამ თემების განხილვა. ბალტიისპირელებმა შეზღუდეს, ეს მათი არჩევანია, ჩვენ კოპირება ხომ არ უნდა მოვახდინოთ ? შენ [საქართველოს] იმდენად ძლიერი სიმართლე გაქვს, რომ მუდმივად უნდა შეხვიდე დიალოგში რუსებთან, პრორუსებთან და ნებისმიერ სხვა ჯგუფებთან, რადგან ჩვენი პოზიცია, ვისაც დასავლეთის გვჯერა, ტრადიციულად, ისტორიულად განმტკიცებულია ქართულ იდენტობაში. მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო–ს, ევროკავშირის წევრი და ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მე, გიორგი მარგველაშვილს მიმაჩნია ასე, არამედ, ვამბობ ილია ჭავჭავაძიდან, ვაჟა ფშაველადან, შოთა რუსთაველიდან, დავით აღმაშენებლიდან გამომდინარე.მაშინაც, როდესაც ქრისტიანობა მივიღეთ, ესეც დასავლური არჩევანი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ არა გეოგრაფიულ ლოკაციებზე, არამედ კულტურაზე“.

მარგველაშვილის აზრით, სადღეისოდ ქართული იდენტობისთვის მთავარი გამოწვევა რუსეთია,“ რომელიც გვეუბნება, „თქვენ ვერ იცხოვრებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, იცხოვრებთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა“:

„ამ კონტექსტში ნეიტრალიტეტი სრულიად გამორიცხულია. საქართველო პირდაპირ ბრძოლაშია შესული რუსეთთან. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც რუსეთთან მიმართებაში ყველაზე მეტი გაიარა. 2008 წლამდე იყო 1990–იანი წლები – ის ტერიტორიები  [აფხაზეთი და სამაჩაბლო] რუსებმა დაიპყრეს, ამის შემდეგ იყო 2008 წელი, შემდეგ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და მუდმივი ოკუპაცია. უკრაინელები ამ პროცესს ახლა გადიან, ჩვენ ყველაზე მეტი გვაქვს ნაბრძოლი. ჩვენ ჩვენს თავს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ვამტკიცებით იმიტომ, რომ გვაქვს იმის თავი, რომ ყველაზე ძლიერ ოპონენტს არ წავუხაროთ თავი: ჩვენ ვთქვით – ქართველები ვართ და ვიცხოვრებთ ისე, როგორც გვინდა! ეს ვუთხარით ძალიან ვერაგ და ძლიერ მტერს. ჩემი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში მქონდა მოლოდინი, რომ რუსული პოლიტიკა უფრო შერბილდებოდა, მაგრამ 2014 წელს ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ აპირებს არათუ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის შერბილებას, არამედ უფრო გააღრმავა მისი ვექტორი, რომ სამეზობლოში უნდა იყოს აგრესიული და ძალის მატარებელი ქვეყანა“.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეფასებით, სადღეისოდ არ არის ისტორიული მოცემულობა, რომ ქართულ–რუსული ურთიერთობები დალაგდეს.

„უკრაინამ აჩვენა, რომ რუსეთი არათუ თმობს, თავდასხმაზე გადადის და ბევრად უფრო რთულ კონტექსტში, ვიდრე მანამდე საქართველო იყო. ეს ნიშნავდა, რომ საქართველოსთვის რუსეთი არ იყო მზად. ეს არის ისტორიული კონტექსტი. მაგალითად, ელცინის რუსეთი სხვა იყო, პუტინის მმართველობის დასაწყისი – სხვა, 2007 წლის შემდეგ კი, კიდევ უფრო სხვაა. ისტორიული მოცემულობა, რომ ქართულ–რუსული ურთიერთობები დალაგდეს, სამწუხაროდ, ახლა არ არის“.

მარგველაშვილის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავარი იარაღი თავისუფლებისკენ ჯიუტი სწრაფვაა:

„რუსები ხომ გვეუბნებიან, „რაციონალურად შეხედეთო“, მე მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, „რაციონალურად ვუყურებთ იმას, რომ გვინდა, ვიყოთ თავისუფლები. აბა თქვენ შეხედეთ იმას, რასაც აკეთებთ, როგორც სახელმწიფო: იპყრობთ მეზობელ ქვეყნებს, იმტერებთ მოსახლეობას და ამით როგორც ქვეყანა, არაფერს იგებთ“. ცხინვალის ოკუპაციით არც ერთ რუსულ ოჯახში არ მომატებულა ყველი, პური თუ შაქარი. პირიქით, ამით რუსეთს სანქციები დაადეს, საერთაშორისო მოთამაშეებთან მიჩნეულია აგრესორად. ეს აღარ არის ის სახელმწიფო, როგორც მეფის რუსეთი, თუ საბჭოთა კავშირი. დღეს მას არც იდეოლოგია გააჩნია – ჰაკერების მეშვეობით პრობლემას გამოიწვევს, ჰიბრიდული ომის დახმარებით – არეულობას, სოციალური ქსელით საზოგადოებებს გახლიჩავს, აურევს, მაგრამ ის პოზიტიური მესიჯით ვერ მოდის. აქვს შესაძლობლობა, შენ აგირიოს, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა,  დაგარწმუნოს. და ამ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ ძლიერ მოწინააღმდეგეს, ჩვენ ჩვენი მთავარი სიძლიერე უნდა გავიაზროთ და ეს ვერასოდეს ვერ იქნება ეკონომიკა, ჩვენი სამხედრო ძლიერება, ეს იქნება ჩვენი ჯიუტი გაუტეხლობა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, 3 000 წელია, აქ ჩვენ ვართ, მოდიან და მიდიან, მაგრამ ჩვენ აქედან არ წავსულვართ და არც წავალთ. ეს საუბრები, რომ მოდით, რუსეთთან დავილაპარაკოთ...ნეიტრალიტეტი... მე დღეს ბრძოლაში ვარ და რომელ ნეიტრალიტეტზე მელაპარაკებით? ფორმალურადაც კი ომში ვარ რუსეთთან, ზავიც არ გვაქვს დადებული ... მეზობელი რომ დათვრება, შემოგივარდება ოჯახში, დაგაწიოკებს, მეორე დღეს კი მეორე მეზობელი მოვა და გეტყვის, ეს რა საშინელი სიმთვრალე ჰქონია, ნანობდა დილიდან და შეურიგდიო. შენ კი იცი, რომ მოძალადე მეზობელი ისევ დათვრება და შემოგივარდება, რადგან ასეა განწყობილი. მეზობელი გეუბნება, ისევ არ დათვრეს, უარესი არ ქნასო. ნეიტრალიტეტის შემოთავაზებაც ესაა, შენ კი ამას მიიღებ, შეეგუები და ასე იცხოვრებ? ეს პროპაგანდა გეუბნება, თვალი დახუჭე, ჩათვალე, რომ შენ მეორეხარისხოვანი ხარ, ქართველად რომ გაჩნდი, შენი უფლებები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იმის, მოსკოვის შემოგარენში რომ დაიბადა. ასე ცხოვრების გაგრძელება როგორ შეიძლება? მე იმას კი არ ვამბობ, რომ ოდესმე ისე იარაღს შევქმნი, რითაც რუსეთს მოვუგებთ, ჩვენ ყველაზე ძლიერი იარაღი გვაქვს – ჩვენი თავისუფლებისკენ სწრაფვა“.        


მარგველაშვილი ნეიტრალიტეტის საკითხს კრემლის მიერ კარგად შეფუთულ ნარატივად მიიჩნევს:

„ეს [ქართველი ხალხი] არის ერი, რომელსაც გააჩნია უნიკალური უნარი, დანახვის, როგორ შეინარჩუნოს თავისუფლება. რა არის თავისუფლება? ვწერ, ვსაუბრობ  ენაზე, რომლითაც მინდა, იმ ცხოვრების წესით ვცხოვრობ, იმ არჩევანს ვაკეთებ, რომელიც მე მინდა და არა თავს მოხვეულს. ევროკავშირის და ნატო–ს წევრობა ის არჩევანია, რომელიც საქართველოს სჭირდება. რა აბსურდულია, როდესაც ამბობენ – არც მოსკოვი, არც ვაშინგტონიო! ეს რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველო, მაგრამ საქართველო სად ხდება თავისი დამოუკიდებელი სიტყვის მთქმელი? არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი იმას ნიშნავს, რომ მე საგარეო პოლიტიკა არ მაქვს. არც პროდასავლელი, არც პრორუსი, მე ქართველი ვარ! მე ქართველობა, საგარეო პოლიტიკა რომ განვახორციელო, რომელიღაცა მიმართულებით უნდა წავიდე. ვინმე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვაშინგტონთან მხოლოდ კულტურული ურთიერთობები მქონდეს და ჯაზის ფესტივალები მოვაწყოთ? ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია, ამიტომ ეს არის კრემლის კარგად შეფუთული, ეფექტური  ნარატივი. ჩვენ ყოველ ეტაპზე უნდა დავუმტკიცოთ ჩვენი სიმართლე და თავში ვურტყათ კრემლს არა ევროკავშირის დეკლარაციები, არამედ ის, რაზეც ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა წერდნენ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S