აშშ–ის ელჩი: "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, ჩვენ კი ვნახეთ, რომ ძალა ერთობაშია“
18/01/2022 08:04:24 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიურ არჩევანს და ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები.
"ჩვენი პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ესაა არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს. შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სრულად უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს მხარს.
ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია", - თქვა დეგნანმა.
ამასთან, ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ს პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით:
"გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა უენდი შერმანმა და შეერთებული შტატების ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა: ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატო-ზე ნატო-ს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს დაყოს ალიანსი, დაყოს ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ძალა ერთობაშია".


