„უკიდურესად სახიფათო ვითარებაა: ვართ მდგომარეობაში, რომ რუსეთს შეუძლია, დაიწყოს შეტევა უკრაინაზე“

19-01-2022 13:51:25 მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ საკი აცხადებს, რომ „ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, რომ რუსეთს შეუძლია, დაიწყოს შეტევა უკრაინაზე“.

„პრეზიდენტმა პუტინმა შექმნა ეს კრიზისი უკრაინის საზღვრების გასწვრივ 100 000 ჯარისკაცის თავმოყრით. ეს გულისხმობს ასევე უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ჯარების ბოლოდროინდელ გადაადგილებას ბელარუსში ერთობლივი წვრთნებისთვის. ჩვენი ხედვაა, რომ ეს უკიდურესად სახიფათო ვითარებაა. ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, რომ რუსეთს შეუძლია, დაიწყოს შეტევა უკრაინაზე“,– განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა

ამასთან, 18 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება, განაცხადა, რომ რუსეთმა „ნებისმიერ დროს“ შეიძლება, დაიწყოს თავდასხმა უკრაინაზე.

მისი თქმით, ბელარუსში რუსეთის ჯარების მოქმედებები „არ არის არც წვრთნა, არც ჯარების ნორმალური გადაადგილება. ეს არის ძალის დემონსტრირება, რაც მიზნად ისახავს, შექმნას ყალბი საბაბი კრიზისისთვის, როცა რუსეთი შესაძლო ინტერვენციისთვის ემზადება“:

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ ეტაპზე, როცა რუსეთმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს უკრაინაზე თავდასხმა“.

დასავლეთში სულ უფრო ხშირად ისმის საგანგაშო ხმები ახალი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის შესახებ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი და დიდი რაოდენობით ახალი ძალები განალაგა დაუგეგმავი სამხედრო სწავლებისთვის ბელარუსში.

გასულ კვირაში რუსეთის დიპლომატები აშშ-ის, ნატოსა და ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ მოსკოვის მოთხოვნების განსახილველად. მოსკოვი დასავლეთისგან ითხოვს წერილობით გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით და საკუთარ რიგებში არ მიიღებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ მოსკოვის მოთხოვნები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სერიოზულ რესტრუქტურიზაციას ნიშნავს.

მოლაპარაკებებზე არ მიუღწევიათ რაიმე გარღვევისთვის.

მზარდი შეშფოთების ფონზე დღეს კიევში ჩავიდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა „კვლავ დაადასტუროს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა“, შემდეგ კი ის გაემგზავრება ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან.

როგორც განიმარტა, ვიზიტი იქნება გაგრძელება აშშ-ის ძალისხმევისა, დაარწმუნოს რუსეთი, რომ უარი თქვას უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე და დიპლომატური გზა აირჩიოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლების დროსაც განიხილავენ „ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად,“ მათ შორის „მოკავშირეთა მზადყოფნას, რუსეთს სერიოზული შედეგებითა და მკაცრი ეკონომიკური საფასურით აზღვევინონ.“

უკრაინაში ვიზიტამდე ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება, საუბარი ეხებოდა ევროპაში უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკებებს, რომლებიც გასულ კვირაში შედგა.

რელიზის მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობა დაძაბულობის დეესკალაციისთვის:

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან, ღრმა შეშფოთებას იწვევს.

ბლინკენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის „მტკიცე ერთგულება“ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პარასკევს ბლინკენს ჟენევაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები