კობახიძე – სააკაშვილზე: „თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა, ეს არის მონასტერი“

20-01-2022 15:44:37 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ იზიარებს მეუფე ნიკოლოზის ინიციატიას, სააკაშვილის ეპარქიაში გადაყვანის თაობაზე და ამბობს, რომ ექს–პრეზიდენტმა სასჯელი უნდა მოიხადოს სხვა პატიმრების მსგავსად.

„რაც შეეხება შინაპატიმრობას, აქ საკითხი არის სამართლიანობა. იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები. ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, ეს არის ჩვენი მიდგომა. კიდევ გავიმეორებ, რომ სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თან მოუნანიებელი. სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი არის პრივილეგირებული პატიმარი, იმიტომ რომ ითხოვს მუდმივად რაღაცებს, რაც მას არ ეკუთვნის და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში გააგრძელოს შინაპატიმრობის სახით, რისთვისაც იგი ყველანაირ პირობას შექმნის. ამის შესახებ ფაჩუაშვილი პრემიერ–მინისტრს სამების ტაძარში ესაუბრა, თუმცა რა პოზიცია აქვს ღარიბაშვილს, უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები