სუბარი: "გახარიას პარტია არა ენმ-ს მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა"

20-01-2022 15:57:42 პოლიტიკა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოკავშირე პარტიები არიან.

"დღეს, წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩია.

ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია.

ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად.

დღეს მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და ენმ-ს ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვისაც გაცხადდა, რომ პარტია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა", - განაცხადა სუბარმა.

გახარიას პარტიაში ამ საკითხის ირგვლივ "ქართული ოცნების" პოზიციონირებას ღიმილისმომგვრელი უწოდეს.

ცნობისთვის: წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია დღეს აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. „ქართული ოცნების" წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც სალიამ განაცხადა, მისი მოადგილეები იქნებიან ენმ–დან, "ქართული ოცნებიდან" და "ლელოდან".

კორნელი სალიას თქმით, ახლა უმთავრესია, მუნიციპალიტეტი გამოვიდეს კრიზისიდან და საკრებულომ მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი დროულად

ახალი ამბები

სხვა სიახლეები