სააკაშვილი – პოროშენკოზე: „პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი კიევში“

20-01-2022 17:56:42 პოლიტიკა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სამშობლოში დაბრუნებას ციხიდან წერილით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოსთან" განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს.

ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა, დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა.

განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული.

საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ", - წერს სააკაშვილი.

პოროშენკო კიევში 17 იანვარს დაბრუნდა ვარშავიდან. სასაზღვრო კონტროლისას მას ცოტა ხნით ჩამოართვეს პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლებ პირებთან ერთად.

პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან 2014 წელს დაარღვია კანონი, როცა პრეზიდენტობის დროს ქვანახშირს დონბასში ყიდულობდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტისგან. ადვოკატები აცხადებენ, რომ მასალებში არ მოიპოვება პოლიტიკოსის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავად პოროშენკო მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დევნას უწოდებს შურისძიებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.

კიევში სასამართლომ პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პირადი პასუხისმგებლობა, ასევე დაავალდებულა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომ ჩააბაროს უცხოეთში სამოგზაურო პასპორტები.

ბრალდება ითხოვდა პოროშენკოს დაპატიმრებას ერთი მილიარდი ჰრივნის (35 მლნ დოლარი) გირაოთი გათავისუფლების უფლებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები