ტყუილია ინფორმაცია, თითქოს NATO აგრესიული ალიანსია
25/01/2022 07:30:06 პოლიტიკა
რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, თითქოს NATO აგრესიული ალიანსია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
NATO არის თავდაცვითი კავშირი, რომლის მიზანს წევრი ქვეყნების დაცვა წარმოადგენს.
"ჩვენი წვრთნები და სამხედრო წარმოდგენილობა არც რუსეთის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. ბრიუსელში მაღალ დონეზე გამართულ ჩვენს შეხვედრაზე ყველა მოკავშირემ კვლავ დაადასტურა, რომ “ჩრდილოატლანტიკური კავშირი არ ისწრაფვის კონფრონტაციისკენ და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის». ბოლო 30 წლის განმავლობაში ნატო თანმიმდევრულად, ტრანსპარენტულად და ღიად ავითარებდა კავშირს რუსეთთან. ჩვენ ვიღწვოდით რუსეთთან კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და ვმუშაობდით ერთობლივად სხვადასხვა საკითხებზე, დაწყებული ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასა და ტერორიზმთან ბრძოლით, დამთავრებული წყალქვეშა ნავების გადარჩენითა და საგანგებო სამოქალაქო დაგეგმარებით. თუმცა 2014 წლის მარტში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ NATO-მ მასთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა. ჩვენ არ ვიღწვით კონფრონტაციისკენ, თუმცა ვერ გავუწევთ იგნორირებას იმ ფაქტს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო წესებს, ძირს უთხრის რა ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. 2016 წელს, პირდაპირ პასუხად რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე, NATO-მ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ოთხი მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფი განათავსა. ეს ძალები – თავდაცვითი და პროპორციული, როტაციის საფუძველზე მოქმედებს. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამდე NATO-ს ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების განთავსების გეგმები არ ჰქონია. ჩვენი მიზანია კონფლიქტის თავიდან აცილება, NATO-ს ქვეყნების დაცვა და მშვიდობის შენარჩუნება. NATO ღიად რჩება რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. ამდენად, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს ყველა წევრი ევროპაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად რიგ შეხვედრებზე მოიწვია." - აცხადებენ ალიანსში.


