Accentnews.ge
კელი დეგნანი: „აშშ პირობას დებს, რომ ქართველი ხალხის გვერდით იდგება"

კელი დეგნანი: „აშშ პირობას დებს, რომ ქართველი ხალხის გვერდით იდგება"

25/01/2022 16:18:20 პოლიტიკა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩი კელი დეგნანი საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს და რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიმოიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობები და აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ–ის საელჩოს ამბიციური გეგმა აქვს - მთელი წლის განმავლობაში აღნიშნოს საქართველოსთან მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჯერ კიდევ 1890 წელს დააარსა ბათუმში, ხოლო ჩვენი განახლებული პარტნიორობა, ოფიციალურად, პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშის მმართველობის დროს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით 1991 წლის 25 დეკემბერს, რასაც მოჰყვა ოფიციალური დიპლომატიური კავშირების დამყარება 1991 წლის 24 მარტს და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩვენი საელჩოს გახსნა „შერატონ მეტეხი პალასში“. მომდევნო წელს საელჩო ორბელიანის სასახლეში გადავიდა, სანამ საბოლოოდ საელჩოს ახალ შენობაში, დიღომში გადაინაცვლებდა".

ელჩმა ქართულ–ამერიკული მეგობრობის კონტექსტში გაიხსენა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს:

"ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა "ჩაკრულოს" გატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის პროტესტისა, რომელსაც ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოებით“ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც „ვოიაჟერისგან" მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც "ჩაკრულო" და სხვა საგანძური გალაქტიკაში მიჰქონდა“.

დეგნანი ფიქრობს, რომ ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები არიან, რადგან ბევრი აქვთ საერთო – თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა:

"როდესაც საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო.

დაახლოებით 20 სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საელჩო თბილისში ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაცვლით პროგრამებს და ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნის 200-ზე მეტ მონაწილეს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ იდეებისა და კულტურის გაცვლის უაღრესად მნიშვნელოვან გამოცდილებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ არაჩვეულებრივი მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წლების განმავლობაში ამერიკა-საქართველოს კავშირების გაძლიერების საქმეში. 2001 წლიდან 500-ზე მეტმა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ შეისწავლა ქართული ენა და იცხოვრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ მტკიცე მეგობრობა დაამყარეს ქართველებთან ინგლისური ენის სწავლების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისა და ადგილობრივ პროექტებში პარტნიორობის მეშვეობით. ამერიკელი მოხალისეები მასპინძელ ოჯახებს თავიანთ „ქართულ ოჯახებს“ უწოდებენ. ჩვენ ახლა ვახორციელებთ “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების საცდელ ვირტუალურ პროგრამას კოვიდის გამო, თუმცა ვმუშაობთ მოხალისეების ფიზიკურად დაბრუნებაზე, იმედია ამ წლის ბოლოს“.

ელჩმა სამხედრო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„ძალიან ვამაყობთ, როდესაც ვხედავთ საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს, ასევე სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმატებებს. ჩვენ განვახორციელეთ 1,5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად. ჩვენი მტკიცე ერთგულება უსაფრთხოების სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ მომდინარეობს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებისგან, ვიდექით რა საერთო მტრების წინააღმდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყსა და ავღანეთში და ვუჭერთ რა მხარს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას“.

როგორც დიპლომატი ამბობს, საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა.

აშშ-ის ელჩის შეფასებით, ოცდაათი წელი ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად, მხოლოდ დასაწყისია:

„შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს“, - აცხადებს კელი დეგნანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S