„ჩვენს დროში არ ეწერება!“ – გერმანია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო მოკავშირეებმა მკვეთრად გააკრიტიკეს

26-01-2022 00:11:58 ევროპა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა მკვეთრად გააკრიტიკა გერმანიის პოლიტიკა კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის არ აღმოჩენის გამო უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებია და სისხლისმღვრელი ომის მოლოდინის ფონზე. პოზიცია მინისტრმა გერმანულ Bild–თან ინტერვიუში დააფიქსირა.

„მესმის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როგორ ვითარდება გერმანიის საშინაო პოლიტიკა. მაგრამ დრო მკვეთრად შეიცვალა: რუსეთთან მიმართებით გერმანიის პოლიტიკა არანაირად პასუხობს ნატო–ს, ევროკავშირის და გერმანიის პარტნორების მოთხოვნებს. ეს არ არის საკმარისი დასავლეთის მოწინააღმდეგეებისთვის, რომელთა შორისაც რუსეთიც გახლავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთთან მიმართებით გერმანიის პოლიტიკა ჩვენს დროში არ ეწერება“,– განაცხადა მინისტრმა.

მან „დიდი შეცდომა“ უწოდა გერმანიის პოზიციას, უკრაინას არ მისცეს იარაღი, მაგრამ გადასცეს საველე ჰოსპიტალი:

„თუ თქვენ ხედავთ, რომ ბნელ ქუჩაში ვიღაცას ძარცვავენ და ამბობთ: „დაგეხმარებით სასწრაფო დახმარების გამოძახებაში მას შემდეგ, რაც გცემენ“ – ეს საკმარისი არაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სასწრაფო დახმარების ხარჯებს აანაზღაურებთ. გერმანელ პოლიტიკოსებს არ ესმით, რას გულისხმობს შეკავება“,– აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი ესტონურ ჰაუბიცების გერმანიის მიერ დაბლოკვა სამარცხვინო პოზიციად ფასდება ბალტიის სამივე სახელმწიფოსა და ჩრდილოეთ ევროპის ყველა ქვეყანაში.

ამასთან, მისი აზრით, იარაღთან დაკავშირებული პოზიცია გერმანიისა „აისბერგის მხოლოდ წვერია“:

„ერთის მხრივ, ეს აჩვენებს გერმანული საზოგადოების ომისშემდგომ პაციფისტურ ფილოსოფიას და მეორე მხრივ – ძალიან მჭიდრო საქმიან და ეკონომიკურ კავშირებს გერმანიასა და რუსეთს შორის“.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებით გერმანიის მსგავსი პოზიცია უჭირავთ ევროკავშირის და ნატოს ისეთ მსხვილ სახელმწიფოებს, როგორებიც არიან საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ხოლო ლატვია უმცირესობაშია, მინისტრმა უპასუხა:

„იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ვიქნებით უმრავლესობაში. რადგან, თუ არაფერი შეიცვლება, ევროკავშირს მომავალი არ ექნება“.

იარაღთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციით იმედგაცრუება გამოხატა პოლონეთის პრემიერ–მინისტრმაც.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ისევე, როგორც ეს ლონდონმა გააკეთა.

გერმანიის გადაწყვეტილების კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა:

„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე გააქტიურდეს“.

საფრანგეთის პრეზიდენტი კი კრემლის ლიდერთან შესახვედრად ემზადება.25 იანვარს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ აპირებს, 28 იანვარს ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით და სურს გაერკვეს, რა განზრახვები აქვს მოსკოვს უკრაინის გარშემო.

ამასთან, მან გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაზე თავდასხმა ძალიან „ძვირი დაუჯდება“ და რომ პარიზი და ბერლინი საერთო აზრზე არიან – „საჭიროა დეესკალაცია“:

„საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან დიალოგს არ შეწყვეტენ, მაგრამ თუ თავდასხმა მოხდა, შურისძიება მოხდება და რუსეთს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება“, - დასძინა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკაშირეებთან 80 - წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები