ზალკალიანი – რეზოლუციის პროექტზე: „ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების“
27/01/2022 17:56:22 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესახებ, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს, არ არის რა მასში რუსეთი ნახსენები, „პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა და უპასუხა ოპოზიციის პრეტენზიებს.
„საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრი ირწმუნება, რომ ხელისუფლებას მკაფიოდ პოზიციონირების არ ეშინია:
„ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების და ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივ გადაწყვეტილებაში არის და არა მხოლოდ პოლიტიკურში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“.
საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ტექსტი „პოპულიზმისა და პროვოკაციული ენისგანაა დაცლილი“.
იხილეთ ასევე: რა (არ) წერია „ქართული ოცნების“ სარეზოლუციო პროექტში, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს


