ზურაბიშვილი – უკრაინაზე: "მინდა, იმედი გამოვხატო, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც საქართველოს მიმართ გამოიყენა"
28/01/2022 15:48:50 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელემედიის ჟურნალისტებთან ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით შეხვედრა უკრაინაზე საუბრით დაიწყო.
მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობის გამო, არ შეეძლო, ამ საკითხს არ გამოხმაურებოდა.
"დღეს ჩვენი თემა არის ეროვნული თანხმობა, თუმცა დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია, არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა, გამოვხატო იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. ეს მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს.
ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში", - თქვა პრეზიდენტმა.
ამასთან, კრემლის მიერ ნატოს–თვის მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიების“ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა წარსულში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მისი კომუნიკაცია გაიხსენა.
„მინდა, ბატონ ლავროვს გავახსენო, რომ როცა ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები თავის დროზე, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, თავისი სუვერენულობიდან გამომდინარე აირჩოს თავისი მოკავშირეები და ალიანსები. ეს, მე მგონი, კარგი საწყისია და მსურს, ეს გავუხსენო“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კრემლი, რომელსაც დიდძალი სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან, ნატო–სგან, მათ შორის აღმოსავლეთით არგაფართოებით გარანტიებს და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების ანულირებას მოითხოვს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. საპასუხოდ, მათ შორის ნატო–ს გენმდივანმა განაცხადა, რომ მოთხოვნა ნატო–ს ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და რომ ალიანსის კარი ღია რჩება წევრობის მსურველთათვის.


