"შეშფოთებულები ვართ"– რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს „ევროპული საქართველოს" აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა
28/01/2022 18:10:41 პოლიტიკა
თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „პარტია „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა სწორედ, ამ აქციას. როგორც ზაიცევმა განაცხადა, შეშფოთებულნი არიან და ამ საკითხზე მათ ნოტა გადასცეს საქართველოს საგარეო უწყებას.
„26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ გამართა ანტირუსული აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. ცოტა ხნით ადრე კი სექციაში გამოირთო ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგება.
რუსეთის ინტერესების სექციასთან მომხდართან დაკავშირებით გაგზავნილია ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვენის 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის მკაცრი დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური შეტყობინება გადასცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს", - განაცხადა ზაიცევმა.
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის სექციის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი.
რუსეთის საგარეო უწყება იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რომ არ დაუშვას „ასეთი ინციდენტები".
26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პარტია „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია - „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“.
აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ კრემლი, რომელსაც დიდძალი სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან, ნატო–სგან, მათ შორის აღმოსავლეთით არგაფართოებით გარანტიებს და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების ანულირებას მოითხოვს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. საპასუხოდ, მათ შორის ნატო–ს გენმდივანმა განაცხადა, რომ მოთხოვნა ნატო–ს ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და რომ ალიანსის კარი ღია რჩება წევრობის მსურველთათვის.
უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".


