ელჩი: „ულტრამემარჯვენე პარტიის დეპუტატების აფხაზეთში გამგზავრება მათი პარტიის პოზიციასაც კი არ ასახავს”

28-08-2019 13:47:01 კონფლიქტები ,პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოს ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი დეპუტატების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრება არათუ ოფიციალური ბერლინის, თავად ამ პარტიის პოზიციასაც კი არ ასახავს. 

ამის შესახებ მან „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

„საუბარია გერმანიის ბუნდესტაგის ერთ დეპუტატსა და ბერლინის ადგილობრივი პარლამენტის წარმომადგენელზე. ორივე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია, რომელიც ულტრამემარჯვენე პოპულისტური და ანტი-ევროპული განწყობით გამოირჩევა. აფხაზეთის რეგიონში დაგეგმილ ე. წ. არჩევნებთან დაკავშირებით საელჩოს წინასწარ ჰქონდა კომუნიკაცია გერმანიაში სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის - „ალტერნატივასთან გერმანიისთვის“ (AfD). გერმანიიდან ე. წ. დამკვირვებლების შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. AfD-ს წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას გამოიკვეთა, რომ ხსენებული ორი დეპუტატის აფხაზეთის რეგიონში გამგზავრება არ გახლავთ შეთანხმებული პარტიასთან, არ შეესაბამება პარტიის პოზიციას და მხოლოდ დეპუტატების პირადი გადაწყვეტილებაა. უფრო მეტიც, ფრაქციის თავმჯდომარე და საგარეო პოლიტიკური სპიკერი ხაზგასმით არ ეთანხმებიან თანაპარტიელების ამ ნაბიჯს და აცხადებენ, რომ პარტიის ძირითადი ბირთვი ამ მოსაზრებას იზიარებს. შესაბამისად, დეპუტატების აფხაზეთის რეგიონში ვიზიტზე პასუხისმგებლობას არ იღებს არც თავად პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. გამომდინარე აქედან, დეპუტატები აფხაზეთის რეგიონში ვიზიტისას არ სარგებლობდნენ არც საკუთარი პარტიის/ფრაქციის და მით უფრო არც ბერლინის წარმომადგენლობითი ორგანოსა და ბუნდესტაგის ოფიციალური მანდატით. გასათვალისწინებელია ასევე კონკრეტულად ამ ორი პოლიტიკოსის კავშირები რუსეთთან და მათი ვიზიტები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებსა და ყირიმში“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.  

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ე. წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს.

 „25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და მორიგი უკანონო ქმედებაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე. წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი. საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად იზიარებს ამ პოზიციას, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ე. წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. როგორც იცით, 26 აგვისტოს გამოქვეყნდა ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ეს ქვეყნები არ აღიარებენ ე. წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგებს.  26 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად,  გერმანიის მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანია ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს და ე. წ. არჩევნებს, ისევე, როგორც მათ შედეგებს უკანონოდ მიიჩნევს. ეს გახლავთ გერმანიის ხელისუფლებისა და სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიების, ისევე, როგორც გერმანიის ძირითადი პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ოფიციალური პოზიცია“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „მიუხედავად სხვადასხვა ძალების მცდელობისა, გერმანელი დეპუტატების ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა გერმანიის მიერ აფხაზეთის მხარდაჭერად წარმოეჩინათ, ნათელია, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება და მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა“. 

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ინტენსიურ კონსულტაციებს გერმანიაში სხვადასხვა პარტიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.

ცნობისთვის: 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო არჩევნებზე ბუნდესტაგის ერთი დეპუტატი და ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს სამი წევრი დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილები.

თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანდინიდის განცხადებით, დე ფაქტო არჩევნებზე  ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს ორი დეპუტატი  "კერძო სტატუსით" იმყოფებოდა.  

ახალი ამბები

სხვა სიახლეები