სოფლის მეურნეობის მინისტრი: "ტყის იჯარით აღება ყველას შეუძლია"
31/01/2022 10:14:09 პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას დაბა ბაკურიანში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის ნუნუ თამაზაშვილისთვის 5958 კვ/მ ფართობის მიწის გადაცემის თაობაზე.
მისი თქმით, ეს არ იყო ჩუქება, ეს არის ვალდებულება, რომელიც ტყის მოვლას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, ლევან დავითაშვილის განმართებით, ტყის ფართობის გადაცემა ლეგალურად განხორციელდა, 2020 წელს სატყეო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად დადგენილი მართვის პრინციპების საფუძველზე.
მან ბრიფინგზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მსგავსი გზით მათაც შეუძლიათ აუქციონში მონაწილების მიღება:
„აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. „თითოეულმა თქვენგანმა, რომლებიც აქ ესწრებით პრესკონფერენაციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის ცოლს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა.
ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო. ინტერესი გამოხატა ერთმა ადამიანმა და მანვე, ამავე აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი "სიცრუეს და ცილისწამებას" უწოდებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს - ნუნუ თამაზაშვილს ტყის მასივი აჩუქეს.
ზაალიშვილი აცხადებს, რომ აუქციონი 2021 წლის 17 დეკემბერს გამოცხადდა და "მასში მონაწილეობა ყველას შეეძლო", ხოლო თამაზაშვილმა აუქციონში გაიმარჯვა.


