რას სთავაზობს გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსთავში
31/01/2022 11:10:44 პოლიტიკა
პარტიაში „საქართველოსთვის“ გამოეხმაურნენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტიის წევრის არჩევის საკითხს. ეს უკვე მესამე საკრებულოა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს შემდეგ, რომელსაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი უთავმჯდომარეებს.
როგორც ბრიფინგზე „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და „ოცნებასა“ ან „ნაცმოძრაობის“ წინაშე ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე იქნა არჩეული.
ის მმართველ გუნდს და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, „მიღებული მანდატების შესაბამისად, როგორც მოადგილეების, ისე კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე, იმუშაონ რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის“.
მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა მმართველ პარტიას არ მისცა ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნიან კრიზისს და სურთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც ისინი არ დაუშვებენ:
„ახლა კი ველით „ოცნებიდან“ სუბარის მორიგ ბრიფინგს, რომელსაც ტრადიციულად მოგვიძღვნიან ჩვენ და იტყვიან რომ აი, ისევ „გარიგდნენ“, „შერიგდნენ“ ან „გადარიგდნენ“, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მისცეს ხმა. დაგასწრებთ და თქვენზე ადრე ვეტყვით მოსახლეობას, რომ მორიგ ტყუილს იტყვით და კიდევ ერთხელ შეეცდებით მათ მოტყუებას. სიმართლე არის ის, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ უმრავლესობა, ვერ ეგუებით ვერაფრით, რომ არ გაქვთ ერთპიროვნული ძალაუფლება, ამიტომ, ქმნით კრიზისს და გინდათ, დანიშნოთ ხელახალი არჩევნები. რატომ გვაძლევს ოპოზიცია, მათ შორის „ნაცმოძრაობა“ ხმას? ესეც მარტივია, ყველამ ნახეთ, რომ ორი თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობაც“ უარზე იყო, არც მათ უნდოდათ ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვა და ღიად აცხადებდნენ, რომ ყველა პოზიცია ამ საკრებულოებში მხოლოდ თვითონ უნდოდათ, „ოცნების“ გარეშე. ამაზე ჩვენგან ორივემ – „ოცნებამაც“ და „ნაცმოძრაობამაც“ მიიღო თანმიმდევრული, პრინციპული უარი. ახლა ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, არ აწყობს ხელახალი არჩევნები და ამიტომ აძლევენ ჩვენს კანდიდატს ხმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოადგილედაც და კომისიების თავმჯდომარეებადაც ოპოზიციასთან ერთად, „ოცნებასაც“ ვთავაზობთ, მარტო კი არ ვთავაზობთ, აგერ 2-3 ჯერ უხეშად რომ ვთქვათ, შევუნახეთ ეს შეთავაზება.
„ოცნებამ“ რაც არ უნდა მოიგონოს და მესამედ ან მეათედ გამოიყვანოს ბატონი სუბარი ერთი და იგივე ტექსტით, ბრალდებებით ჩვენ მიმართ, ჩვენ მაინც ასე თანმიმდევრულად და პრინციპულად გავყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც მდგომარეობს ისევ და ისევ ადგილობრივ მმართველობაში ბალანსის უზრუნველყოფაში, რაც არის მოქალაქეების არჩევანი, ნება. მდგომარეობს იმაში, რომ დავასრულოთ კრიზისი, ხელი შევუშალოთ როგორც „ოცნების“, ისე „ნაცმოძრაობის“ ერთპიროვნულ მმართველობას, თავიდან ავარიდოთ ამ მუნიციპალიტეტებს ხელახალი არჩევნები. შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ ამ პერიოდში გაჩერებული – ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, სენაკი, ჩხოროწყუ თუ წალენჯიხა. აი, ამის არდაშვება და მოქალაქეების არჩევანის შესაბამისი მოქმედეება არის ჩვენი გეგმა და მიზანი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


