Accentnews.ge
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა მოწოდება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ეხსენებინათ რუსეთი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა მოწოდება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ეხსენებინათ რუსეთი

01/02/2022 08:37:10 პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის მოწოდება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია.

1 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მწვავე დებატებით, "ქართული ოცნების" წარდგენილი პროექტი მიიღეს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, თუ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნახსენები იქნებოდა რუსეთი, სხვა შენიშვნების არსებობის მიუხედავად, მხარს დაუჭერდნენ დოკუმენტს.

"მთავარი მიზანი ჩვენი რეზოლუციის არის რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაძაბულობის შემცირება. დაძაბულობის შემცირება არა იმდენად საქართველოს გამო, არამედ სწორედ უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე, რისკენაც მუდმივად მოგვიწოდებს მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი და თანამდებობის პირები. ეს იყო მთავარი ამოცანა, რომ ხელი შევუწყოთ დაძაბულობის მაქსიმალურად შემცირებას რეგიონში, რაც უპირველეს ყოვლისა ასახავს უკრაინის, მაგრამ ასახავს საქართველოს ინტერესებს.

შესაბამისად, ეს ტექსტი არის აწონილ-დაწონილი, ის მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და ყველასთვის ცხადია მისი სულისკვეთება. შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით ნებისმიერი შესწორების შეტანა, ჩვენი აზრით, არის უფრო საბაბი და მიზეზი, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროთ და გახადოთ შიდა პოლიტიკური მანიპულაციის საგანი", - თქვა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S