„დებატებმა გამოაჩინა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შორის არ არის ტრადიცია და პატივისცემა კომპრომისების შესაძლებლობების, რაც სამწუხაროა“
03/02/2022 11:14:09 პოლიტიკა
საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერის პარლამენტში გამოეხმაურა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ უკრაინის შესახებ რეზოლუციას, რომელსაც მრავალპარტიული მხარდაჭერა არ აქვს და აღნიშნა, რომ „შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული“
მისი თქმით, როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას კარგად ესმის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროება, ასევე ყველა აცნობიერებს რუსეთის აგრესიის საშიშროებას.
„რეზოლუციასთან დაკავშირებით მკითხეს და ვესაუბრე ქართველ პოლიტიკოსებს, ორივე მხარეს. ვხედავ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოზიციები, ვგულისხმობ როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას, არ არის დრამატულად განსხვავებული. ყველას კარგად ესმის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროება. ასევე ყველას ესმის რუსეთის აგრესიის საშიშროება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის.
ვფიქრობ, ამ დებატებმა გამოაჩინა ქართული პოლიტიკის ერთი მხარე – ანუ ის, რომ საქართველოში ქართველ პოლიტიკოსებს შორის არ არის ტრადიცია და პატივისცემა კომპრომისების შესაძლებლობებისა, ხიდების აშენებისა. ეს [კომპრომისი]ევროპულ პარლამენტში აღქმულია, როგორც სიძლიერის ნიშანი, მაგრამ ბევრი ქართველი პილიტიკოსისთვის ჩანს, რომ ეს სისუსტის ნიშანია, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
მან ასევ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც უნდა იფიქრონ და იზრუნონ, როგორ გამოასწორონ კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობები:
„ვფიქრობ, საწყისი გარემო იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ქართველი პოლიტიკოსები ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ და ფაქტი, რომ ეს იშვიათი შესაძლებლობა ერთიანობის დემონსტრირებისა, ხელიდან იქნა გაშვებული. ორივემ, მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც უნდა იფიქრონ ამაზე და იზრუნონ, როგორ გამოასწორონ კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობები. მმართველმა პარტიამ როგორც უმრავლესობამ უნდა გადადგას წინ ნაბიჯი, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, მათ მარტოებსაც შეუძლიათ მოქმედება“.


