"რუსეთის ზეწოლის შედეგად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მოსკოვთან ან მჭიდრო ურთიერთობა ან ნეიტრალური, მარგინალური სტატუსი აქვთ"
03/02/2022 11:42:40 პოლიტიკა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა, ბრუკინგსის ინსტიტუტის აშშ–ისა და ევროპის ცენტრის ანალიტიკოსმა ფიონა ჰილმა ვაშინგტონში ევროპის უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე, მათ შორის საქართველოზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის ზეწოლის შედეგად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მოსკოვთან ან ახლო ურთიერთობა ან ნეიტრალური, მარგინალური სტატუსი აქვთ.
"მოსკოვმა რეგიონში თავი წარმატებით წარმოაჩინა როგორც დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ და ევრაზიაში უსაფრთხოების გარანტორმა. რუსეთის ზეწოლის გამო რიგი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ამ დროისთვის მოსკოვთან ან მჭიდრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობაში არიან, ან უფრო ნეიტრალური, მარგინალური სტატუსი აქვთ. სხდომაზე უკვე ახსენეთ მოლდოვა და სხვა ქვეყნები, თუმცა, მე უბრალოდ გასული რამდენიმე წლიდან მაგალითებს მოვიყვან. საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წელი გავიდა. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვიტყოდი, რომ უფრო ფრთხილია, ვიდრე აქამდე ყოფილა. წინამორბედებთან შედარებით, ამჟამინდელი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობაში მეტ სიფრთხილეს იჩენს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მოსკოვს ყოველთვის ეკლად ესობოდა, ახლა თბილისში, ციხეშია. იგი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში წინდაუხედავად დაბრუნდა. რუსეთისთვის [სააკაშვილის პატიმრობაზე] პირდაპირი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები სააკაშვილს და მისი ბედს დანარჩენი რეგიონისთვის, მათ შორის უკრაინისთვის გამაფრთხილებელ ამბად იყენებენ", - განაცხადა ფიონა ჰილმა.


