Accentnews.ge
ახალი ფორმატი რეგიონში: არის საქართველოს ადგილი სამეულთან?

ახალი ფორმატი რეგიონში: არის საქართველოს ადგილი სამეულთან?

03/02/2022 17:56:19 ინტერვიუ

უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე რუსეთის შეკავების კონტექსტში აშკარად გამოიკვეთა რეგიონში ბრიტანეთის აქტიური როლი, რომელიც მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს კრემლთან მიმართებაში NATO–ს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერების, უშუალოდ უკრაინისთვის, როგორც ფინანსური ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, თუ კრემლის წინააღმდეგ სანქციების კუთხით. ამასთან, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და დებატებიც გამოიწვია ოფიციალურად დადასტურებულმა ცნობამ ლონდონის, კიევისა და ვარშავის ახალი ალიანსის თაობაზე, არ აღმოჩნდა რა სამეულის გვერდით ოფიციალური თბილისი, მით უფრო რომ უკრაინის მსგავს პრობლემებთან უწევს ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, რომელიც 1 თებერვალს ბრიტანელ კოლეგაზე რამდენიმე საათით ადრე ესტუმრა კიევს, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობის ფორმატის საფუძვლად რეგიონის უსაფრთხოება უნდა იქცეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ახალი ფორმატის შექმნას საფუძვლად უდევს არა გეოგრაფიული სიახლოვე, არამედ „საერთო პრინციპები“ და გამოწვევები, რომელთა შორის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაც იგულისხმება.

„ვარშავა, კიევი და ლონდონი არა მხოლოდ რეალისტურად აფასებენ ევროპის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებს და რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას, არამედ ასევე ფლობენ სამმხრივი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, - კერძოდ, განახლებადი ენერგიის გამომუშავების - მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით ატლანტიკის, ბალტიისა და შავი ზღვის გაერთიანებით, ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისათვის“, - ამგვარად წარმოადგინა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

რას უკავშირდება დიდი ბრიტანეთის გააქტიურება რეგიონში?

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე „აქცენტთან“ განმარტავს, რომ ბრიტანეთის აქტიურობას ორი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს:

“მრავალი სხვა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ბრიტანეთი წლების მანძილზე უფრო რეალისტურად უყურებს პუტინის პოლიტიკას, მათ შორის იმის გამო, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები საკუთარ ტერიტორიაზეც იგემა: 2006 წელს რუსეთის სპეცსამსახეურების წარმომადგენლებმა ლონდონში რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს ალექსანდრ ლიტვინენკო, რამდენიმე წლის წინ ქიმიური იარაღი გამოიყენეს მამა-შვილი სკრიპალების წინააღმდეგ სოლსბერიში (რასაც ბრიტანეთის მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა) და მრავალი სხვა მტრული ქმედება.

ბრიტანეთი აღარაა შეზღუდული საერთო ევროპული საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებით, რომელშიც რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურად ან ფრთხილად განწყობილი ქვეყნების პოზიციისთვის მოუწევდა ანგარიშის გაწევა.

რას მისცემს დაანონსებული ფორმატი რეგიონს?

ბადრიძის ანალიზის მიხედვით, იმ ვითარებაში, როცა უკრაინას (და საქართველოს) არ გააჩნია ნატო–ს მსგავსი ორგანიზაციის უსაფრთხოების გარანტიები, წამყვან დასავლურ სახელმწიფოებთან რეგიონულ ალიანსებს შეუძლია მასტაბილიზებელი როლის შესრულება, რომელთა მეშვეობით კრემლს არ გაუჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ქვეყნები ბედის ანაბარა არაიან დარჩენილი, რაც მათზე თავდასხმის ცდუნებას შეუმცირებს.

არის საქართველოს ადგილი სამეულთან?

„NATO–ში გაწევრიანებამდე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თავის რეალურ მოკავშირეებთან, მათ შორის უკრაინასთან, პოლონეთთან და ბრიტანეთთან, NATO-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წევრთან“,– ამბობს „აქცენტთან“ ბადრიძე და იქვე აგრძელებს, „იმის ილუზია, რომ უკრაინისგან და დასავლელი პარტნიორებისგან გამიჯნული საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება, დანაშაულებრივი შეცდომაა: რუსეთს დამტკიცებული აქვს, რომ ის არ რეაგირებს დათმობებზე (გაიხსენეთ დსთ-ში შესვლა და კრემლის ორბიტაზე დაბრუნება 1990-იან წლებში) და არც ამჟამინდელ "არგაღიზიანება-მაამებლობაზე". არც მაშინ და არც დღეს კრემლს იოტისოდენით არ შეუცვლია თავისი კურსი საქართველოს მიმართ. შევარდნაძეს სულ რამდენიმე წელი დასჭირდა ამის გასააზრებლად და პოლიტიკის შესაცვლელად. გასაოცარია, რომ დღევანდელი ხელისუფლება 9 წლის შემდეგაც ვერ ხედავს, რომ მხოლოდ არგაღიზიანება არ ცვლის რუსეთის ქმედებებს და რომ მარტოდ დარჩენა საქართველოს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს“.

ბადრიძე დარწმუნებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ალიანსში მოსახვედრად, ვინაიდან მისი შექმნის მიზეზი საქართველოს პირდაპირ ეხება:

„საქართველოს ამ ალიანსის მიღმა დარჩენა რუსეთს (და დასავლეთსაც) ჩვენთვის ძალიან საზიანო სიგნალს გაუგზავნის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S