Accentnews.ge
„თურქეთმა დემონსტრაციული ნაბიჯი გადადგა“: გზავნილები ერდოღანის კიევური ვიზიტიდან

„თურქეთმა დემონსტრაციული ნაბიჯი გადადგა“: გზავნილები ერდოღანის კიევური ვიზიტიდან

04/02/2022 11:16:39 ანალიზი

უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე კიევში უცხოელი ლიდერების და მაღალი რანგის თანამდებობის პირების ინტენსიური ვიზიტების კვალდაკვალ, არა მხოლოდ ქართული მედიის ყურადღება მიიპყრო რუსული აგრესიის განმეორების საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანაში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სტუმრობამ, ინარჩუნებს რა ის კარ ურთიერთობებს კრემლთან.

როგორც მოსალოდნელი იყო, ერდოღანმა დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ერთგულება, ამ კონტექსტში ახსენა ყირიმიც, კვლავ გაიმეორა საკუთარი ინიციატივა –მზაობა, უმასპინძლოს უკრაინის და რუსეთის ლიდერებს ვითარების დარეგულირების მიზნით და გასწიოს შუამავლობა რეგიონში მშვიდობისთვის, რასაც თავად ზელენსკიც მიესალმა, თუმცა პროცესზე დამკვირვებლები გამოყოფენ ორ მნიშვნელოვან მოვლენას პოლიტიკური განაცხადის კონტექსტში:

  • ვიზიტის ფარგლებში მათ შორის ხელი მოეწერა უკრაინა–თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას;
  • უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების "Bayraktar"-ების მწარმოებელი ქარხანა აშენდება.

„ეს უკრაინის სერიოზული საგარეო პოლიტიკური მიღწევაა, მეტიც, ვფიქრობ, ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ზელენსკის პირველი ყველაზე სერიოზული საგარეო პოლიტიკური აქციაა: ყურადღებით გადავავლე თვალი ერდოღანის კიევში ვიზიტის თაობაზე რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციებს და აღმოვაჩინე, რომ საუბარია ყველაფერზე, გარდა მთავრისა: კიევში ხელი მოეწერა უკრაინისა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და ესაა მთავარი, რაც ამ ვიზიტს ახლავს თან, სხვა დანარჩენი მხოლოდ სიტყვებია“,– ამბობს თემის კომენტირებისას რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ პასტუხოვი.

მისი ხედვით, ეს გზავნილია რუსეთისთვის, რომ მისი ადგილი დღეს თურქეთმა დაიკავა:

„გაზეთები რეკლამის დეფიციტისას გვერდზე ტოვებდნენ ცარიელ ადგილს, სადაც ეწერა, „აქ შესაძლოა, თქვენი რეკლამა ყოფილიყო“. რაც კიევში მოხდა, ერთგვარი გზავნილია კრემლისთვის – „ამ ადგილზე თქვენ უნდა ყოფილიყავით, 2014 წელს უკრაინის ნაცვლად, თუნდაც თქვენი გულისთვის ძვირფასი, ყირიმი არ აგერჩიათო“. ჯერ კიდევ იმხანად ურთიერთობების აგება შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ უკრაინა ყირიმზე გავცვალეთ და ეს წმინდა რუსული გადაწყვეტილება იყო, მიდგომა, „ან ყველაფერი, ან არაფერი“, წმინდა რუსული ფობია და ჩვენ ამ ფობიებზე გავცვალე რეალური პოლიტიკური თამაში. ამ თამაშში კარგი შანსები და ფორა გვქონდა საერთო კულტურული ფესვებისა თუ ენის გათვალისწინებით, მაგრამ ეს ფორა მინუსად ვაქციეთ და ახლა ამ ადგილზე თურქეთი მოვიდა“.

მისი ხედვით, საქმე ეხება არა მხოლოდ იმ დეტალებს, თუ კონკრეტულად რას ითვალისწინებს უშუალოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და რუსეთთან ამ კუთხით კონკურენცია, არამედ საყურადღებოა, რომ ეს ურთიერთობები შესაძლოა, კიდევ უფრო განვითარდეს, ხოლო რუსეთი წააწყდება მისგან მომდინარე საფრთხით შეკრულ ალიანსებს. ამ კონტექსტშიც განიხილავს ის ერდოღანის კიევში სტუმრობის მნიშვნელოვნებას.

„უპილოტო საფრენი აპარატების თემამ ჯამში სურათი შეკრა და ეს უკვე თურქეთზე სასაუბრო თემაა“,– ამბობს პოლიტოლოგი. ხოლო რუსეთ–თურქეთის ამჟამინდელი „მეგობრობის“ კონტექსტში აღნიშნავს, რომ „ანკარა მოსკოვის ისტორიული მოწინააღმდეგეა“:

„უკრაინა ხელოვნური მტერია. ანუ მტერი, რომელიც თავად შევქმენით უწყინარ ნიადაგზე. არ ვამბობ, რომ ეს მალე ჩაცხრება, მას ათწლეულები დასჭირდება, თუკი ჩაცხრა ოდესმე, ხოლო თურქეთთან საქმე სხვაგვარადაა: მას ასწლეულების განმავლობაში ვაბრაზებდით და ეს კიდევ ასწლეულები არ მინავლდება“.

ამასთან, მისი ხედვით, სადღეისოდ თურქეთი საკუთარ „თამაშს თამაშობს“, რომლის ფარგლებში იყენებს რუსულ ფაქტორს:

„ჩვენი შიდა პროპაგანდის მიხედვით ხომ მთელი მსოფლიო შეშინებული გვყავს, მაგრამ რეალურად ყველას ყველაფერი კარგად ესმის და ცდილობენ, ვითარებით ისარგებლონ: თურქეთი „რუსული ბანქოს“ გამოყენებას ცდილობს, რომ აშშ–სთან ურთიერთობებში საკუთარი წონა გაზარდოს. რუსეთიც ამგვარად თამაშობს ჩინეთთან – „ჩინეთთან თქვენს ჯიბრზე ვიმეგობრებთ“, ხოლო თურქეთი ჯიბრზე რუსეთის „მეგობარია“.

მაგრამ მთავარ პრობლემას კონფლიქტოლოგი ორივე ქვეყანაში ნაციონალისტური განწყობების გაღვივებაში და საკითხების იმ ფართო სპექტრში ხედავს, სადაც რუსეთის და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს კვეთენ. მათ შორის ახსენებს ის კავკასიას, ახლო აღმოსავლეთს, თურქეთის ანკლავებს, რომელთაც ანკარა ვერ დათმობს, თავად ანკლავები კი რუსეთთან მოკავშირეობენ:

„თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდება არ ყოფილა შემთხვევითი. ეს ძალიან კარგი კრიტერიუმია, შევაფასოთ, თუ რისთვისაა მზად თურქეთი. ამას დავუმატოთ ის, რომ თურქეთს ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი, სათანადოდ აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ჰყავს. ჯამში, ჩემი ხედვით, ეს არის კონფლიქტი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, აფეთქდეს და სასაცილო ისაა, რომ ამას ორივე მხარე ზედმიწევნით აცნობიერებს – ერთმანეთს კოცნიან, თუმცა არ ენდობიან“.

დასკვნის სახით პოლიტოლოგი ამბობს, რომ თურქეთმა დემონსტრაციულად გადადგა ნაბიჯი, რომლითაც იმავდროულად „ეთამაშება“ აშშ–ს, რომელთანაც „თითქოს ნაჩხუბარია“, ხოლო კიევისთვის, რომელსაც „მანევრირების დიდი სივრცე არ აქვს, ეს ერთ–ერთი წარმატებული ნაბიჯია“, ცდილობს რა ევროპაში „ქმედითუნარიანი მოკავშირეების მოძებნას. „თურქეთი კი, მართალია არ არის ევროპული მოთამაშე, მაგრამ მას აფასებენ, რადგან თავზეხელაღებულია და საკითხში „ღრმად შესვლა“ შეუძლია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S