Accentnews.ge
მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაიმართა

მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაიმართა

04/02/2022 17:19:35 პოლიტიკა

მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაიმართა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღის შეფასების საკითხზე ერთი თვის ვადაში წარმოდგენილი იქნება შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ვერსიას გავაკეთებთ. არ გამოვრიცხავ, იყოს საკითხები, რაზეც შევჯერდებით როგორც მიღწევებთან, გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევებთან მიმართებაში. ბუნებრივია, თუ ასეთ საკითხებზე შევთანხმდით, ცვლილებებს დავაინიცირებთ და ეს კარგი იქნება. რაზეც ვერ შევჯერდებით, ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხზე ოპოზიციას სთავაზობს არა მხოლოდ ვერბალურ პოლიტიკურ პაექრობას, არამედ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წერილობით შეფასებას.

ოხანაშვილის ინფორმაციით, მათ ოპოზიციას შესთავაზეს დოკუმენტის მომზადება 29 თებერვლამდე. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი მასზე მსჯელობა გაიმართება. საბოლოდ კი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება იგეგმება.

„ოპოზიციური ჯგუფები დოკუმენტს ერთობლივად ან ცალ-ცალკე მოამზადებენ, სადაც აქამდე განხორცილებული რეფორმების შეფასება და ანალიზი ობიექტურ ინდიკატორებზე დაყრდნობით გაკეთდება. ამ დოკუმენტების შედგენის შემდგომ გვექნება დისკუსია, შესაბამის ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრები და კონსულტაციები“, - აცხადებს ოხანაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სამუშაო ფორმატისა და ვადის შესახებ შეთანხმება შედგა:

„ჩვენი შეთავაზება იყო, რომ არსებობს პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებით შევთავაზებთ კონკრეტულ გადაწყვეტებს. მთავარია, შევთანხმდით, რომ მართლმსაჯულების რეფორმა სჭირდება ქვეყანას. თვის ბოლოს გაიმართება შეხვედრა და გვეცოდინება შესაძლებელია თუ არა პოზიციის დაახლოება. არასწორი იქნება თავიდანვე გამოვაცხადოთ, რომ არ ვენდობით პროცესს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება უარი ვთქვათ ამ შესაძლებლობაზე, რომ რაღაც წინ წავიდეს".

როგორც საპარლამენტო ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, “ლელოს“ სასამართლო რეფორმის საკითხზე გააჩნია არა მხოლოდ ხედვა, არამედ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებიც აქვს ინიცირებული:

“შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს. [...] შარშან, ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა იმის გამო, რომ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდა, რისი პასუხისმგებლობაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა აღებული. თითოეული ჩვენთაგანი გაცილებით მეტს დავკარგავთ, თუ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდება, რასაც ჩვენგან დასავლელი პარტნიორები ელიან“.

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ სჯერა, რომ შეთანხმებას მიაღწევენ:

"არ მჯერა, რომ შევთანხმდებით და ოპოზიცია ერთად იტყვის, რომ კარგი სასამართლო რეფორმა გვაქვს. ამ რაღაცაში მონაწილეობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მაგალითად, მაინტერესებს, ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომელთაც თავის დროზე ჩვენთან ერთად დადეს სასამართლოზე შეთანხმება, ახლა როცა ასეთი განსაცდელია, როცა ყველამ თავისი პოზიცია უნდა წარმოადგინოს, მაინტერესებს, ეს ამბავი ვინმეს გაახსენდება თუ – არა. სამწუხაროდ, ჩვენ ამომრჩეველთა იმდენი მხარდაჭერა არ გვაქვს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მივიდეთ და სასამართლო რეფორმის განხორციელება მოვთხოვოთ. სასამართლო რეფორმის პირველიდან- მეოთხე ტალღა მაინც და მაინც ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მინდა, დავაკვირდე და ვნახოთ, რა გამოვა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S