"ჩემი მეგობრული გაფრთხილება იყო მიშასთვის, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, ამერიკელების და ევროპელების განწყობა, უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა"
05/02/2022 17:08:06 პოლიტიკა
ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი - ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა, - აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოპოვა.
ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა. ვიდეოში მელია მხარდამჭერებს მიმართავს.
მისი თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობაა და სიზარმაცის ბრალია ის, რომ არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს.
„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.
ბრძოლაა, მაგრამ 50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხო ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, - აცხადებს ნიკა მელია.
ჩანაწერთად დაკავშირებით კომენტარი თავად ნიკა მელიას ამ დრომდე არ გაუკეთებია. "აქცენტი" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურს დაუკავშირდა და კომენტარს მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.
განახლება
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოეხმაურა.
მელიას თქმით, არ მიაჩნია, რომ სააკაშვილის თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. ნიკა მელიას შეფასებით, იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, არის უკეთესი საქართველო.
„დიდი მადლობა TV იმედს და ე.წ „მოქალაქეს“, ვინც ეს ვიდეო მიაწოდა, ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი:
დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.
იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთ – არის ცვლილება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო, ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე. ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის, რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი. ჩვენ შეიძლება, განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის, რომ შეიძლება, ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს“, – აცხადებს ნიკა მელია.
ნიკა მელია წერს, რომ ოპოზიციის უკეთესი მომზადებაა საჭირო, რათა გაიმარჯვონ.
„გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას, თუმცა არაფერი გამოუვათ, თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები. არაფერი გამოუვათ იმ შეთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად, გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. დიახ, მე მგონია, რომ უნდა ვორიენტირდეთ ერთიან, მთავარ მიზანზე – უკეთეს საქართველოზე. ჩვენ შეიძლება, ვიყოთ განსახვავებულები, მაგრამ გვქონდეს ერთი მიზანი.
ჩვენი იდეა არის უკეთესი საქართველო და მიზანი გვაქვს ყველას ერთი – დანარჩენზე გვქონდეს ბევრი დისკუსია, მაგრამ ბოლოს, იდეით ანთებულები, ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით ვიმარჯვებთ. დიახ, მე ვიცი, რომ ჩვენს პარტიას აქვს დიდი მხარდაჭერა, თუმცა არასაკმარისი, ბევრად მეტია ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილება და ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოვგწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებით – ვართ თანამოაზრეები; ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი, როგორ მივაღწევთ ცვლილებებს. და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება, ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა. არა, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.
P.S. TV იმედის დადგმული, საბჭოთა სტილის კრიტიკა ყოველ ჯერზე მაფიქრებინებს, თუ რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი თავის ბრძოლაში, ვისაც ამ ეთერში „აშავებენ“, – წერს ნიკა მელია.


