პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხოშტარიასა და ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
07/02/2022 10:07:23 პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
ელენე ხოშტარია მეათე მოწვევის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, თუმცა მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარტია დატოვა და მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. იგი აცხადებდა, რომ ვინაიდან “ევროპული საქართველო” დატოვა, სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნოდა.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, "ლეიბორისტულმა პარტიამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. ნათელაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებდა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.
ხოშტარიასა და ნათელაშვილს ხელი არ მოუწერიათ 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომლის შედეგადაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა.


