"ვიმედოვნებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელის განხილვამდე, ახალი კანდიდატების დამტკიცება/დანიშვნა არ მოხდება"
07/02/2022 12:20:19 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელს არ განიხილავს, მანამდე ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრისას განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მისი ვიზიტი ნატო-ში, შეხვედრები ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი. იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი წარიმართება სათანადოდ იმ ვადების ფარგლებში, რაც არის გათვალისწინებული კანონით, რადგან აღნიშნულ სამსახურებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პირადი მონაცემების დაცვაზე. იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელებად შეირჩევიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ეს პროცესი ნაჩქარევად წარმართული არ იქნება. ასევე, მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მას კანონით განსაზღვრული ჰქონდა კიდევ სამი წელი, მის წინააღმდეგ არ ყოფილა გარკვეული ტიპის საჩივარი ან სხვა რაიმე პრეტენზია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს“, – განაცხადა დეგნანმა.


