ორმა ოპოზიციურმა პარტიამ შესაძლოა, დაფინანსება დაკარგოს
08/02/2022 16:22:29 პოლიტიკა
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში მოხვდნენ, შესაძლოა, დაფინანსება დაკარგოს.
ესდამოკიდებულია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, გაუუქმებს თუ არა მანდატებს "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძესა და "ლეიბორისტული პარტიის" ხელმძღვანელ შალვა ნათელაშვილს.
მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის: 1 თებერვლიდან ამოქმედდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუწყდება დეპუტატის მანდატი.
2020 წლის არჩევნებით "ლეიბორისტულმა პარტიამ" პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, "ლელომ" - ოთხი. "ლელოს" სიით არჩეულმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი სურვილით დატოვა პარლამენტი. ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერების შემთხვევაში პარტიას პარლამენტში ორი დეპუტატი ეყოლება, "ლეიბორისტული პარტია" კი უმანდატოდ რჩება. ორივე პარტიის შემთხვევაში ეს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველია, რადგან ორივე პარტიამ ბოიკოტის დროს საარჩევნო სიები ჩახსნა და შეუძლებელი იქნება მათი ადგილმონაცვლეების პარლამენტში შესვლა.
პარტიების ყოველწლიური შემოსავალი დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზე. პირველი 50 ათასი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის პარტია 15 ლარს იღებს, ყოველ შემდეგ ხმაზე - 5 ლარს.
2020 წლის არჩევნებზე "ლეიბორისტულმა პარტიამ" 19 314 ხმა მიიღო, "ლელომ" - 60 712 ხმა. შესაბამისად, "ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს 289 710 ლარს, "ლელო" კი - 803 560 ლარს.


