სააკაშვილი – ივანიშვილს: "ძალიან არასწორი "სტავკა" გააკეთე, ძმაო"
09/02/2022 09:06:40 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ინტერესების გატარებაში და განაცხადა, რომ უკრაინაში წარუმატებლობის შემდეგ, "პუტინის გეგმაა შიდა ქართლის რუსეთის ტერიტორიაზე მიერთება“.
სააკაშვილმა ეს განცხადება ინფორმაციის კონკრეტული წყაროების დასახელების გარეშე გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს გაგრძელდა მის წინააღმდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით აღძრული საქმის განხილვა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს დარბაზიდან მიმართა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს:
„ძალიან არასწორი "სტავკა" გააკეთე, ძმაო! ადრე გიმართლებდა, მაგრამ ეხლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ესე როგორ დაგოიმდი?! პუტინი ასხავს ბოლომდე უკრაინაში საქმეს. და რომ დაიმალე ჩირგვებში და უთხარი "ტიშე ვადი, ნიჟე ტრავიო".
ამ კონტექსტში სააკაშვილმა ახსენა პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. ექს–პრეზიდენტის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა მოითხოვდა, რომ შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან „მიხვდა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია, ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს არ წყვეტს", თუმცა, „ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი“.
„საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო მინისტრმა, დაემართა კოვიდი იმიტომ, რომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ მათ თქვეს, რომ მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო. მოკლედ, ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდადა აქვს საქმე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემა იმაშია, და "ეს სახუმარო აღარ არის", რომ მიმდინარეობს აქტიური ე.წ. ბორდერიზაცია და „ორასი კვადრატული კილომეტრის დამატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. როგორც სააკაშვილმა თქვა, „ივანიშვილი, რომელსაც თავი მოაქვს, რომ მის დროს ომი არ იყო, მის დროს საქართველომ დაკარგა ქალაქ სოხუმის და ქალაქ ცხინვალისხელა ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე“.
მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მისი პრეზიდენტობისას, როცა რუსები აპირებდნენ ენგურის კაშხლის და ანაკლიის "წაღებას", ეს პროცესი გააჩერეს "ობამამ და ბაიდენმა, რომლებსაც რამდენჯერმე შეხვდა და ტელეფონით ესაუბრა".
"ეხლა ჩვენ დასარეკი არსად არა გვაქვს. ჩვენ კოვიდი გვჭირს მასობრივად", - დასძინა სააკაშვილმა.
ექს–პრეზიდენტის თქმით, საქართველო სრულიად დაუცველია და „პუტინი, რომელიც ვეღარ ახერხებს უკრაინაში შეჭრას, მისი პლან ბე არის ანექსია, შიდა ქართლის რუსეთის ტერიტორიაზე მიერთება“.
მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ რამდენიმე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. კონკრეტულად საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებაზე სააკაშვილი ამბობს, რომ ხარჯი გაწეული იყო ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების არაღიარებისა და საიდუმლო ვიზიტებისთვის. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დღევანდელ სხდომაზეც თქვა, რომ "როცა ომში ხარ და ახორციელებ საიდუმლო მისიებს", მსგავსი გადაადგილებები "არ უნდა იყოს გამომზეურებული, როგორც საცვალი".
თავის მხრივ, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის წარმომადგენელთა სასტუმროებში ცხოვრების, გასახდომი პროცედურების, სტილისტების მომსახურების და სხვა მსგავსი ხარჯები ემსახურებოდა არა სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ პირად ფუფუნებას.


