"ლუკაშენკო სოხუმსა და ცხინვალს არასოდეს აღიარებს" - რას ფიქრობენ მინსკში

10-02-2022 00:54:35 პოლიტიკა ,თვალსაზრისი

7 თებერვალს რიგმა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ბელარუსი ლიდერის განცხადება სოხუმისა და ცხინვალის "შესაძლო აღიარების" თაობაზე, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია. პირველწყაროს წარმოადგენდა ვლადიმირ სოლოვიოვის YuTube-არხი, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ინტერვიუ მისცა. მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, კრემლის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულმა არხმა ბელარუსი ლიდერის ზოგიერთი განცხადება საზოგადოებას დამახინჯებული სახით წარუდგინა. კერძოდ, «Соловьеву Live»-ის თანახმად, სოხუმისა და ცხინვალის შესაძლო აღიარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ლუკაშენკომ განაცხადა, «როგორც კი ჩავთვლი და პრეზიდენტი [რუსეთის – რედ.] მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობსო». ამასთან, სოლოვიოვმა “გადამალა” ბელარუსი ლიდერის შემდგომი სიტყვები, რომელიც მოგვიანებით მკითხველს ТАСС-მა გააცნო: «არის კი ამის სასიცოცხლო აუცილებლობა?». და თუ ერთი ფრაზის ამ ორ ნაწილს გავაერთიანებთ, გამოდის, ლუკაშენკოს ახალი არაფერი უთქვამს.

სწორედ ასე აღირქვეს ბელარუსი ლიდერის სიტყვები კრემლშიც. «როგორც ჩანს, ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა ამას მიზანშეწონილად ჩათვლის», — განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ლუკაშენკოს განცხადებებს გამოეხმაურნენ თბილისშიც. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, “ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას” და “ბელარუსი ამ მხრივ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების ერთგული რჩება”.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი 9 თებერვალს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავის დროზე ლონდონში საიდუმლოდ ხვდებოდა ბელარუს ლიდერს და სწორედ ამის წყალობითაა, მინსკმა რომ სოხუმი და ცხინვალი ამ დრომდე არ აღიარა.

ირკვევა, რომ მინსკში ინფორმირებულები იყვნენ მათი შეხვედრების თაობაზე. მათ შესახებ გუშინ Telegram-არხ «Радиоточка НСН»-თან ბელარუსმა პოლიტოლოგმა დიმიტრი ბოლკუნეცმა ისაუბრა.

«ეს უფრო სააკაშვილისა და ლუკაშენკოს პირადი ურთიერთობების ამბავია. მაღალი ალბათობით, საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ თუ ლუკაშენკო სოხუმსა და ცხინვალს არ აღიარებდა, მას დასავლეთისკენ კარს შეუღებდნენ. გახსოვთ ალბათ, როგორი ცივი ურთიერთობები ჰქონდათ დასავლეთსა და მინსკს, 2008-2009 წლებში კი მათ დათბობას ვადევნებდით თვალს. სოხუმისა და ცხინვალის არაღიარებამ ხელი შეუწყო ამას, დასავლელმა ლიდერებმა ლუკაშენკოსთვის ხელის ჩამორთმევა მაინც დაიწყეს, მას კი ყოველთვის სურდა, ავტორიტეტული ყოფილიყო დასავლეთში" - იხსენებს პოლიტოლოგი.

მისივე აზრით, ეს საიდუმლო შეხვედრები პირდაპირ ლონდონის აეროპორტში იმართებოდა.

«ლუკაშენკო ბრიტანეთში მაღალი ალბათობით, ბორის ბერეზოვსკის თვითმფრინავით დაფრინავდა, რომელიც ხშირი სტუმარი იყო მინსკში და მრავალ საკითხში ლუკაშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. მისი თვითმფრინავი პრაქტიკულად ყოველკვირეულად ეშვებოდა ბელარუსში. ლუკაშენკოს ვიზაც კი არ სჭირდებოდა: უბრალოდ ჯდებოდა ბერეზოვსკის თვითმფრინავში, ეშვებოდა ლონდონში, მაღალი ალბათობით, აეროპორტშივე ხვდებოდა სააკაშვილს და მერე ბრუნდებოდა უკან», - განაცხადა ბოლკუნეცმა და იქვე გაიხსენა, რომ ბერეზოვსკის დღიურის რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკეის გვარი და საქართველოსთან კონტაქტებიც ფიგურირებს.

პოლიტოლოგმა დასავლეთში სააკაშვილის ავტორიტეტსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ "სწორედ ის ეხმარებოდა ლუკაშენკოს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენაში".

«2010 წელს ბელარუსის ტელევიზიამ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა და საიტზეც განათავსა. ეს სენსაციად იქცა და მოსკოვი აღაშფოთა, რის შემდეგაც ინტერვიუ საიტიდან გაქრა. ფაქტია, რომ ლუკაშენკო შემდგომშიც ძალიან ბევრ საკითხს წყვეტდა სააკაშვილის დახმარებით. 2015 წელს ოდესაში საქართველოს ექს-პრეზიდენტი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკეის შეხვდა და დიდი ეჭვი მეპარება, მათ შეხვედრაზე ოდესა-ბელარუსის ურთიერთობების განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი. სააკაშვილს დასავლეთში გარკვეული ავტორიტეტი აქვს. ლუკაშენკოსთვის კი იმ პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანი იყო, დასავლეთთან ურთიერთობები აღედგინა და ერთ-ერთი, ვინც მინსკს ამაში ეხმარებოდა, სწორედ სააკაშვილი გახლდათ, ისევე, როგორც უკრაინის ექს-პრეზიდენტი იუშჩენკო», - აღნიშნა მან.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ "ლუკაშენკო სოხუმსა და ცხინვალს არასოდეს აღიარებს და არც ყირიმს სცნობს რუსულად, რადგან დღესაც კი კვლავინდებურად სწამს, რომ ჯერ კიდევ აქვს დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენის შანსი და თუ ამმხრივ ანტირუსულ ხაზს გაატარებს, დასავლეთში მას ხელს კვლავ ჩამოართმევენ".

Новости

Другие новости