
რა საკითხები მოექცა ბრიტანეთში ქართველი დეპუტატების ვიზიტის ფოკუსში
10/02/2022 10:22:40 ინტერვიუ
8 თებერვლიდან დიდ ბრიტანეთს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობს ოთხი მმართველი პარტიის და ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის შემადგენლობით და შეხვედრებს მართავს თემთა, ლორდთა პალატების სპიკერებთან, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან აღნიშნა, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რომელიც ასევე კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან; საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაზე,.
„ჩვენი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ და რომ მათ სრულად ესმით უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო“,- ოპტიმისტურ ნოტაზე დაასრულა საკუთარი კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერისთან შეხვედრის შემდეგ, ხოლო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის მხრივ დასძინა, რომ ლონდონში კარგად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველოც.
“აქცენტმა“ სცადა, შეხვედრებზე დასმული აქცენტების, მათ შორის დიდ ბრიტანეთში არსებული განწყობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიეღო და რამდენიმე კითხვით დელეგაციის ერთადერთ ოპოზიციონერ წევრს თეონა აქუბარდიას მიმართა.
– ქალბატონო თეონა, რა საკითხები მოექცა ფოკუსში შეხვედრისას როგორც თქვენი, ისე მასპინძლების მხრიდან?
– საქართველოს დიდ ბრიტანეთთან 2019 წლიდან აქვს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: უსაფრთხოება, პოლიტიკა, დემოკრატიის განმტკიცება, ეკონომიკა და განათლება. შესაბამისად, ეს ის ჩარჩოა, რაზეც მიმდინარეობდა საუბრები, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების და პოლიტიკურ საკითხებს: ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის რისკი მაღალ ნიშნულზეა. ამ პროცესში დიდ ბრიტანეთს საკმაოდ აქტიური პოლიტიკა აქვს. როგორც იცით, დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი პოლონეთში მიემგზავრება სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის მოსკოვში. შესაბამისად, ამ ვითარებაში, ცხადია, მნიშვნელოვანი იყო მათ შორის ბრიტანეთის პოზიციების მოსმენა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ალბათობასთან მიმართებაში, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. ბრიტანეთი ნატო–ს წევრი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ის აქტიურადაა ჩართული ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო და აქცენტები დავსვით რუსულ აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც დღემდე გრძელდება; 2008 წლის აგვისტოს ომზე, რომელიც რუსეთის აგრესიული რევიზიონისტული პოლიტიკის პირველი გამოვლინება იყო. ასევე ვისაუბრეთ „ბორდერიზაციის“ პროცესზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ადამიანების გატაცებაზე, უკანონო დაკავებებზე და ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.
– ვვარაუდობ, რომ ყურადღებას ასევე გაამახვილებდით რეგიონში ბრიტანეთის გააქტიურებასა და მათ შორის ახალ ალიანსზე ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის ჩართულობით და ამ კონტექსტში საქართველოს ადგილზე. მიღებულმა პასუხებმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ? არის ინტერესი სამეულთან ერთად ალიანსში საქართველოც ვიხილოთ?
ჩვენთვის საინტერესოა დიდი ბრიტანეთის ეს ახალი ალიანსი. რამდენადაც პროცესი ახალია, ჩვენ მოვისმინეთ დიდი ბრიტანეთის ინტერესი, რომ ევროპული უსაფრთხოება არ იყოს დარღვეული რუსეთის მხრიდან. ასევე მოვისმინეთ იმ ისტორიულ კავშირებთან მიმართებაში პოზიციები, რომელიც დიდ ბრიტანეთს წლების მანძილზე აკავშირებს პოლონეთთან და რა მხარდაჭერას უწევს ლონდონი კიევს, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო კუთხით. რაც შეეხება საქართველოს შესაძლებლობას, ამ კუთხით ინტერესი გამოვხატეთ. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია, უფრო მეტი ინფორმაცია და გარკვეულწილად დროც არის საჭირო, რომ მეტად გამოიკვეთოს ეს შესაძლებლობები, თუმცა ცალსახად მივიღეთ ეს მხარდაჭერა როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, სადაც დიდი ბრიტანეთი აქტიურ როლს თამაშობს (ორი ბრიტანული სამხედრო გემი იყო შავ ზღვაში, მათ შორის საქართველოში), ასევე თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ამასთან, რა თქმა უნდა, მივიღეთ ნატო–ში წევრობის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი სუვერენული არჩევანია და რომელსაც დღეს რუსეთი ასე ემუქრება.
– ოპონენტების თუ რიგი უცხოელი ექსპერტების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა, რეგიონში დაძაბულობის ფონზე საქართველოს მცდელობის მისამართით, ასე ვთქვათ, არ მიიქციოს კრემლის ყურადღება. თუ იყო ამ თემაზე საუბარი და თბილისის პოლიტიკა – „არ გააღიზიანოს“ რუსეთი, იწვევს პარტნიორებში დაბნეულობას საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებით?
რაც შეეხება, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ პოზიციას, იყო კითხვა „რუსიში“ (ანალიტიკურ–აკადემიურ ორგანიზაცია), ამასთან, კითხვა იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან მიმართებაში. ისევე როგორც, ვისაუბრეთ საქართვლოს რეზოლუციაზე, მასში რუსეთის ფედერაციის არ ხსენებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენსა და ხელისუფლებას შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში განსხვავებული დამოკიდებულებებია ამ ვითარებაში სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან. ამაზეც გვქონდა საუბარი რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში და გამოიკვეთა ევროპაში რუსული საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობის და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა, რათა საქართველოს სუვერენიტეტი და ინტერესები იყოს უზრუნველყოფილი.
დასასრულს აუცილებლად უნდა ვთქვა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები და პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, შეფასებულია, როგორც გამოწვევა დიდ ბრიტანეთშიც: რა პროცესებია საქართველოში, რათა პოლარიზაცია შემცირდეს, რა ვითარებაა დემოკრატიულ რეფორმებთან მიმართებით – ამ კუთხით ინტერესი იყო გამოხატული, ჩვენ კი ვიცით, რომ დემოკრატიული რეფორმებია საწინდარი ქვეყნის ნატო–ში წევრობისა და ევროპულ ოჯახში გაერთიანებისთვის. ამიტომ, ეს იყო ასევე ერთ–ერთი საყურადღებო თემა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021