
საარჩევნო უბნებზე პირველი დარღვევები დაფიქსირდა
19/05/2019 05:30:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს რამდენიმე რეგიონში არჩევნები მიმდინარეობს და უკვე დაფიქსირდა რიგი დარღვევები, კერძოდ, ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დალუქეს. რა გახდა ყუთის დალუქვის მიზეზი, ჯერ უცნობია.
გადასატანი ყუთის საშუალებით 31-მა ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა.
უბანზე ამ დროისთვის ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან ცესკო-ს წარმომადგენლები.
ზუგდიდში, კახათის #35 -ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" დეპუტატის გია დანელიას მისვლა გახდა. დანელია ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც 14 მაისის "რუსთავი 2"–მა გამოავეყნა. ჩანაწერში სავარაუდოდ, დანელია ყვება, როგორ მიიღო პარტიის ცენტრალური ოფისიდან დავალება, რომ ყველა ხერხით, მათ შორის დაშინებითა და ტერორით შეძლონ ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტს, პლუს ერთი ხმის მიღება. დანელიას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირებდნენ. მათი გაშველება კი პოლიციას მოუწია.
„ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში, თქვენ ხართ კრიმინალი. თქვენ ახლა უნდა იჯდეთ ციხეში,“ - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა გია დანელიას.
ზესტაფონის მე-10 და 45-ე საარჩევნო უბნებზე, სამაგიდო სიებზე გადასატანი ყუთის სია არ არის მითითებული, - ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიცია ავრცელებს.
მათი თქმით, ამის გამო, შესაძლოა, ამომრჩევლებმა ხმა განმეორებით მისცენ.
წარმომადგენლებმა უბნებზე საჩივრები დაწერეს. საარჩევნო ოლქში განმარტავენ, რომ საჩივრებზე ინფორმაციას არ ფლობენ და განმარტება მოგვიანებით გაკეთდება.
ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, დავით ჭუმბურიძის შტაბში აცხადებენ, მათ უბანზე კამერის დამონტაჟება სცადეს, რის საშუალებაც უბნის თავმჯდომარემ არ მისცა.
„კამერას ვამონტაჟებდით, მაგრამ უფლება არ მოგვცეს. თავმჯდომარემ გაგვიყვანა გარეთ სასაუბროდ, როდესაც დავბრუნდით კამერა და შტატივი დაზიანებული დაგვხვდა. ჩვენი ინფორმაციით, თავმჯდომარის მოადგილემ დააზიანა", - განაცხადეს შტაბში.
მომხდარზე ინფორმაცია აქვს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. მამუკა სამხარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საჩივარი უბანზე არ არის დაწერილი და საოლქო ვითარებაში ადგილზე გაერკვევა.
„კამერა, რისგან დაზიანდა, ამის თქმა გამიჭირდება. ვესაუბრე 43-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და როგორც მან მომაწოდა ინფორმაცია, არავის დაუშლია ვიდეოგადაღება. თუმცა გარკვეული შელაპარაკება იქ მოხდა. კამერა იყო შეერთებული დენის წყაროში და ამის მერე რა მოხდა, ძნელია ამის თქმა. კამერა არაა დაზიანებული, დაზიანებულია კამერის სადგამი. როგორც თავად ამბობენ, საჩივარს დაწერენ და ამის შემდეგ დეტალურად გავერკვევით”,- განაცხადა #56 ოლქის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძემ.
ცნობისთვის: მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.
მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.
ზუგდიდის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვი; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” - სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი - დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი - თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი - დავით თორდია.
მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - აკმამედ იმამკულიევი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - ბექა სვანიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - აგილ მუსტაფაევი; “თავისუფალი საქართველო” - ნინო ჯურხაძე; “საქართველო” - ლეილა ხარაიშვილი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირენა სტურუა; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - ლისა სიხარულიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ნინიკო ჩხეტია; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მალხაზ გორგასლიძე; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ელისო ქართველიშვილი; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ჯანო ჟვანია; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ილია პატარაია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი - ალი ბადიროვი.
ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - დავითი თხელიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - კახაბერ კიკნაველიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ბაქარ ხიჯაკაძე; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე; “თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზვიად ბოლოკაძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - გელა სულაქველიძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ინგა კელენჯერიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - კახაბერი მაჩიტიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მანუჩარ სართანია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ნინა გოცაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - პაატა ბაკურაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - რევაზ სხულუხია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი - კახაბერ ზარნაძე.
ჭიათურის მერობა შემდეგ 13 კანდიდატს სურს: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” - ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი - დავით ჭუმბურიძე.
ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ვახტანგ ბერიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - იოსებ თავართქილაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ირაკლი ჯორბენაძე; “თავისუფალი საქართველო” - საბა ბობოხია; “საქართველო” - ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირაკლი ტუნაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ზაურ კომახიძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი - როლანდ აბულაძე.