პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
10/02/2022 15:58:49 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "საყოველთაო თანხმობის" პროცესის ფარგლებში ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
"ყველას თანხმობა, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, იყო იმაზე, რომ ამ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე და დაეხმაროს ქვეყანას დაძლიოს კრიზისი", - თქვა შეხვედრის შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც მნიშვნელოვანია.
"ამ შეხვედრებზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ წარსულის შეფასება ვერ გადაჭრის იმ პოლიტიკურ კრიზისს და იმ გამოწვევებთან გამკლავების გზა ვერ იქნება, რაც დღეს რეალურად გვაქვს საზოგადოებას", - თქვა მეზვრიშვილმა.
ის პროფესს ფრთხილი ოპტიმიზმით აკვირდება და მომავალი შეხვედრიდან მეტ კონკრეტიკას ელის.
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეხვედრიდან სხვებზე ადრე გამოვიდა. ის უკმაყოფილო იყო იქ წამოჭრილი საკითხებით.
"ამ ფორმატში ამ შემთხვევაში ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრას 30-ზე მეტი ქალი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე. გარდა ამისა - არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სახალხო დამცველი.
20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


